ჩვენი ქვეყანა ძლიერ მეტამორფოზას განიცდის. დიდი ცვლილებები ხდება, როგორც პოლიტიკურ ასპარეზზე, ასევე ჩვენს ქვეცნობიერ დონეზე. ესაა ნამდვილი რევოლუცია, რომელიც ჩვენს იდენტობას უკეთესად გვაცნობს.
ქართველი ხალხი შეიძლება ბევრ პოლიტიკურ საკითხზე ვერ თანხმდებოდეს, მაგრამ როცა საქმე ეხება ხილულ მტერთან ბრძოლას, მაშინ ყველა ერთიანდება.
რუსულმა პროპაგანდამ და ჰიბრიდულმა ომმა სამწუხაროდ ძლიერი ზეგავლენა მოახდინა მოსახლეობის ნაწილის აზრის ფორმირებაზე, თუმცა ჩვენი პროტესტის ინტენსივობამ ნათლად დაგვანახა, რომ ახალი თაობა ამ ანკესზე არ წამოეგება. ეს ვერ გათვალა ბიძინა ივანიშვილმა. მას რეალურად კარგად არ ესმის ქართველი ადამიანის ბუნება.
ჩვენ უკვე 43-ე დღეა გარეთ ვდგავართ და ვერც ჭავლმა, ვერც დაშინებებმა, ცემამ და ციხემ ვერ გაგვაჩერა. თუ ახლა ჩვენი პრორუსული, არალეგიტიმური ხელისუფლების რომელიმე წევრს ჰგონია, რომ ეს პროცესი უბრალოდ დასრულდება, ის თავს იტყუებს.
მე ახალ წელს ციხესთან შევხვდი! ეს მომენტი სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში. ჩვენი მიკერძოებული და უსამართლო სასამართლოს პირობებშიც კი ძალიან იმედის მომცემი იყო ჩვენი იქ დგომა და სოლიდარობის გამოხატვა რეჟიმის ტყვეებისა და მათი ოჯახების მიმართ. ერთიანობის ძვირფასი და ძლიერი განცდა იყო, რაც ახალი წლის ღამეს რუსთაველზე ვნახეთ.
ალბათ ელოდნენ, რომ ახალი წლის დღეები ჩვენზე რამენაირად უარყოფითად აისახებოდა, თუმცა ფოკუსს არ ვკარგავთ და ველოდებით ახალი არჩევნების დანიშვნასა და ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემას. წინააღმდეგ შემთხვევაში გაგრძელდება პროტესტი, იქნება მეტი სანქცია ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან და დაიწყება გაფიცვებიც.
ჩვენი ქვეყანა სერიოზული კრიზისის წინაშე დგას, გადაგვახვევინეს ევრო ინტეგრაციის გზიდან, მოშლილია ყველა ინსტიტუცია, დაბრუნდა კრიმინალი, ძალაში შეაქვთ აბსოლიტურად აზრსმოკლებული კანონები, რომელიც მათ წისქვილზე ასხამს წყალს. საქართველო აუცილებლად საჭიროებს ფუნდამენტურ ცვლილებებს და ეს ცვლილებები უნდა დაიწყოს პირველ რიგში ხელისუფლების შეცვლით.