ახალგაზრდები ათჯერ მეტ დროს ატარებენ ეკრანებთან, ვიდრე წიგნების კითხვაში – კვლევის შედეგები

1 month ago 15

საფრანგეთის წიგნის ეროვნული ცენტრის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, 16-დან 19 წლამდე ახალგაზრდების მესამედი თავისუფალ დროს საერთოდ არ კითხულობს.„საგანგაშო ვარდნაა“, – მიიჩნევს წიგნის ეროვნული ცენტრი (CNL). ამ საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ სამშაბათს, 9 აპრილს წარმოადგინა კომპანია „იპსოსის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც 7-დან 19 წლამდე ახალგაზრდების კითხვის ჩვევებს შეეხება. კვლევამ აჩვენა, რომ 16-დან 19 წლამდე ახალგაზრდების მესამედი თავისუფალ დროს საერთოდ არ კითხულობს. შესამჩნევია გენდერული განსხვავებაც: ამ ასაკობრივი ჯგუფის გოგონების 74% თავისუფალ დროს კითხულობს, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი ბიჭებში მხოლოდ 50%-ს შეადგენს.

კითხვისთვის ნაკლები დრო ეკრანებისთვის დიდი დროით ცქერას ნიშნავს. „თავისუფალ დროს, ახალგაზრდები დღეში 19 წუთს კითხულობენ, რაც 4 წუთით ნაკლებია, 2022 წელთან შედარებით. გენდერულ ჭრილში სურათი ასე გამოიყურება: 16-19 წლის ახალგაზრდებში ეს არის 17 წუთი გოგონებისთვის და 7 წუთი – ბიჭებისთვის. ამასთან, ისინი ეკრანების წინ, ყოველდღიურად, 3 საათსა და 11 წუთს ატარებენ. ამ დროში არ შედის ციფრული წიგნის კითხვა ან აუდიო წიგნის მოსმენა“, – იუწყება წიგნის ეროვნული ცენტრი. „ყოველდღე ახალგაზრდები 10-ჯერ მეტ დროს ატარებენ ეკრანებთან, ვიდრე წიგნების კითხვაში“, – განაგრძობს CNL. ახალგაზრდების დაახლოებით 39%-ს ურჩევნია, თავისუფალი დრო სხვა აქტივობებს დაუთმოს, ხოლო 19% პირდაპირ ამბობს, რომ კითხვა არ უყვარს (ეს 3 პროცენტული პუნქტით მეტია, 2022 წელთან შედარებით). ეს ტენდენცია (კითხვის მიმართ გულგრილობა) განსაკუთრებით თვალშისაცემია 16-19 წლის ასაკობრივ კატეგორიაში და 31%-იან ნიშნულს აღწევს (10 პროცენტული პუნქტით მეტი, 2022 წელთან შედარებით).

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, წიგნის ეროვნული ცენტრის პრეზიდენტი, რეჟინ ჰატჩონდო გამოდის ინიციატივით, რომ „ჩატარდეს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, რათა ხაზი გაესვას კითხვის სარგებელს ბავშვებისთვის, განსაკუთრებით – ყურადღების კონცენტრაციის, წარმოსახვის და ემპათიის,აგრეთვე ენის ცოდნის სრულყოფისა და ტვინის განვითარების თვალსაზრისით“.

სრულად წაკითხვა