130-ზე მეტი ფსიქოლოგი (სია განახლებადია) პროევროპული აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. გარდა ამისა, ისინი ეწინააღმდეგებიან სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებისა და “მოქალაქეების წამებას, ჩაგვრისა და ნებისმიერი ფორმის ძალადობას”.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროინტეგრაციას, არამედ აზიანებს მოქალაქეების კეთილდღეობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
“რეჟიმის მხრიდან მოქალაქეების წინააღმდეგ არამართლზომიერი ძალის გამოყენება, წამება, დარბევა, დევნა, მუქარა, უკანონო დაკავებები, სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა უდიდეს ზიანს აყენებს არა მხოლოდ ძალადობის უშუალო მსხვერპლთ, არამედ თითოეული ჩვენგანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
კრიზისის შედეგები განსაკუთრებით აისახება მოზარდებზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეების მქონე პირებზე, სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე. ასეთ ვითარებაში, მათი მხარდაჭერისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოლოგებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების როლს და ჩართულობას. მიუხედავად ამისა, საჯარო სამსახურიდან, პოლიტიკური ნიშნით, სისტემატურად ათავისუფლებენ იმ პირებს, რომლებიც სწორედ ამ ჯგუფების ინტერესების დაცვაზე მუშაობდნენ”, – აცხადებენ ფსიქოლოგები.
ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ხშირად მიმართავენ ფსიქოლოგიური მანიპულაციებს. მაგალითად ინფორმაციის მიზანმიმართულად დამახინჯება, სტატისტიკური მონაცემების შეცვლა და ა.შ. ფსიქოლოგების თქმით, ეს უარყოფითად აისახება მოქალაქეთა განწყობებზე, ემოციებსა და ქცევებზე.
“ფსიქოლოგიური ტექნიკების მსგავსი არაეთიკური გამოყენება ქმნის შიშის, სიძულვილის, განხეთქილებასა და დისტრესულ გარემოს, ძირს უთხრის ადამიანის ღირსებას, ავტონომიას და დემოკრატიული პროცესების მიმართ ნდობას საზოგადოებაში, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით.
დაუშვებელია 21-ე საუკუნეში ქართული საზოგადოება განვითარებულ ქვეყნებთან სახელმწიფოებრივი კავშირის გარეშე დარჩეს და, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერის დაკარგვით, შეეზღუდოს ხარისხიანი ფსიქოლოგიური სერვისების მიღების შესაძლებლობა. დასავლელ დონორებთან და კოლეგებთან თანამშრომლობით მიღებული ადამიანური თუ მატერიალური რესურსებით საქართველოს მოქალაქეები სარგებლობდნენ, და კარგად ორგანიზებული სისტემები ეფექტურ როლს ასრულებდნენ როგორც ფსიქოლოგიური სფეროს განვითარებაში, ისე ათასობით მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფაში.
კვალიფიციური სერვისების მუდმივი ხელმისაწვდომობა ემსახურებოდა საზოგადოების ფსიქოლოგიური და სოციალური მხარდაჭერის გაძლიერებას, რაც ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ფაქტორი იყო. ამასთანავე, საყურადღებოა, კანონმდებლობა არ არღვევდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და კონფიდენციალურობის ბაზისურ უფლებას“, – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხელმომწერთა განახლებადი სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.