ახალი კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებაზე რა მოხდება? – ნიკა სიმონიშვილი

1 day ago 4

37

იურისტი, ნიკა სიმონიშვილი:

შეკრება/მანიფესტაციის შემზღუდველი ახალი რეგულაციები დღეს უკვე მიიღო ოცნების პარლამენტმა მესამე მოსმენითაც.

კანონის დეტალებზე ბევრი კითხვა დამისვეს და ბევრიც შეშინებული იყო, რომ ძველი ჯარიმების გამო არ გამოიყენონ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა განმეორებაზე, ამიტომ აქვე შევეცდები ყველაფერი განგიმარტოთ, ზედმეტი [და არასაჭირო] შიშის თავიდან ასაცილებლად:

1️⃣ ყველაფერი იწყება ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ ჩადენილი ქმედებიდან. ანუ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ გზის გადაკეტვაზე უნდა გამოიყენონ ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე, ვერც ჯარიმას გამოიყენებენ და ვერც პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დევნას დაიწყებენ. მანამდე გქონდათ თუ არა ჯარიმა ან რამდენი, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ძველი ჯარიმების გამო ვერ დაგიჭერენ, მხოლოდ ახალი გადაკეტვის გამო შეეძლებათ ეს და ესეც მხოლოდ ადმინისტრაციულით. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ 15 დღიანი პატიმრობის გამოყენება აქამდეც შეეძლოთ პირველივე დარღვევაზე.

2️⃣ პატიმრობის გამოსაყენებლად შსს-მ უნდა შეადგინოს ოქმი და მიმართოს სასამართლოს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას პატიმრობაზე (იმის მსგავსი წესია, როგორც 7 თებერვლამდე იყო გზის გადაკეტვაზე სასამართლო რომ გვაჯარიმებდა). მხოლოდ შსს-ს ოქმი, როგორც ჯარიმების შემთხვევაში იყო, საკმარისი აღარაა, სასამართლოს დასტურიც სჭირდება.

3️⃣ ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ახალი კანონით ჩადენილი გზის გადაკეტვის გამო პატიმრობის დაკისრების შემდეგ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოდის. ანუ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალი წესით (ახალი კანონის ამოქმედების შემდგომ) დაგაკისრეს სახდელი (პატიმრობა) და ამის შემდეგ კიდევ ერთხელ მოხდება ქმედების ჩადენა.

⁉️ახალი კანონი როდის შევა ძალაში?

🔴 დღეს მესამე მოსმენით მიღების შემდეგ ყაველაშვილმა უნდა მოაწეროს ხელი და საკანონმდებლო მაცნეს ვებზე გამოაქვეყნონ. გამოქვეყნების დღეს ღამის 12 საათიდან დაიწყებს ახალი კანონი მოქმედებას.

ხელის მოწერა და გამოქვეყნება, ყველაზე ადრე, დღეს ან ხვალაც შეუძლიათ, თუმცა ამაზე დამატებით გაგაფრთხილებთ ძალაში შესვლის ზუსტი თარიღი რომ გითხრათ.

⁉️ახალი კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებაზე რა მოხდება?

🔴 ძველ ქმედებაზე ახალ წესს ვერ გამოიყენებენ და ამიტომ ახალი კანონის ამოქმედებამდე პერიოდზე ისევ 5000 ლარიან ჯარიმებს დაწერენ.

სრულად წაკითხვა