„ჯერ საქართველომ“, რომელიც ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენელმა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა დაარსა, სადამფუძნებლო ყრილობა გამართა.
28 ივნისს, თბილისის სასტუმრო „Courtyard Marriott“-ში გამართულ სადამფუძნებლო ყრილობაზე ყიფიანი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. პარტიას საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ჯერ არ გაუვლია.
„ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ მხოლოდ ოპოზიციური პარტია, მეტზე გვაქვს პრეტენზია. ჩვენ გვინდა ვიყოთ ცვლილებებზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტია“, – განაცხადა ყიფიანმა, რომელიც ასევე ანალიტიკურ ორგანიზაცია Geocase-ს ხელმძღვანელობს.
პარტიის რიგებში რამდენიმე ცნობილი საზოგადო მოღვაწეა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, ასევე აქტივისტი გიორგი თუმასიანი.
ვიქტორ ყიფიანი, იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ უფროსი პარტნიორად მუშაობის დროს, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს წარმოადგენდა, როდესაც ამ უკანასკნელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დასავლეთში მის აქტივებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. ყიფიანი ვრცელ წერილებს აქვეყნებდა, სადაც დეტალურად აღწერდა ივანიშვილის წუხილებს. ყიფიანისა და ივანიშვილის გზები 2023 წლის მარტში გაიყო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოელი აგენტების შესახებ“ სადავო კანონი პირველად დააინიცირა, რამაც მასობრივი პროტესტი გამოიწვია. ყიფიანმა საჯაროდ გააკრიტიკა კანონპროექტი და მმართველი პარტია, ხოლო მალევე, „ქართული ოცნების“ მაშინდელმა დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ ის აღარ წარმოადგენდა ივანიშვილს.
სადამფუძნებლო ყრილობაზე დელეგატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ყიფიანმა განაცხადა, რომ „ჯერ საქართველო“ უარყოფს განდიდებას და პიროვნების კულტს, ასევე გმობს პოლიტიკურ შურისძიებას და ანგარიშსწორებას და მიიჩნევს, რომ მიუღებელია ცივილიზებულ სამყაროში მეგობარი და არამეგობრული ქვეყნების გარჩევა.
„რაც შეეხება სხვა პარტიებთან ურთიერთობას, ღია ვართ ყველასთან საურთიერთოდ“, – იტყობინება „ინტერპრესნიუსი“ ყიფიანის სიტყვებზე დაყრდნობით. „გვაქვს ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება [ოპოზიციის] ალიანსთან მიმართებით. ვფიქრობთ, რომ „ჯერ საქართველოს” აქვს იმის ბუნებრივი რესურსი, რომ განვითარდეს ალიანსს მიღმა, თუმცა ეს არ გამორიცხავს პირად კომუნიკაციებს, ინდივიდუალურ კონტაქტებს“.
ყრილობაზე აირჩიეს პარტიის პოლიტიკური საბჭო, რომელშიც შედიან რუსუდან თევზაძე, ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, რომელმაც 2025 წლის ოქტომბერში დეპუტატის მანდატზე უარი თქვა; ვახტანგ კაპანაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი; ვალერი ჩეჩელაშვილი და GeoCase-ის მკვლევრები გიორგი ანთაძე და ნიკოლოზ ხატიაშვილი.
რამდენიმე ახლადშექმნილ ოპოზიციურ პარტიას დაბრკოლებები შეექმნა საჯარო რეესტრში ოფიციალური რეგისტრაციის გავლაზე. მათ შორის იყო „თავისუფლების მოედანი“, რომელსაც რეგისტრაციაზეც ორჯერ ეთქვა უარი და საბოლოოდ 2025 წლის ნოემბერში დაარეგისტრირეს, ასევე „ფედერალისტები“.
This post is also available in:

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·