7
პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი:
იმდენად დიდია საზოგადოებაში აგრესია, რომ ბოლოს, შეიძლება ტრაგიკულ შედეგებამდე მივიდეთ. ნუთუ, აღარავინ დარჩა ხელისუფლებაში გონიერი, რომელიც გაიაზრებს, რომ ქვეყანა ცხელი ქვაბივით თუხთუხებს?! ამოიღეთ ხმა, გააჩერეთ ეს აგრესია, ჩააქრეთ თქვენშიც და თქვენს მიღმაც მუშტებზე ყურების ცდუნება. მუშტებზე ის იყურება, ვისაც ბავშვობაში არ უჩხუბია, ახლა ქვეყნის და საზოგადოების დამშვიდებაა საჭირო და არა ცეცხლზე ნავთის დასხმა.
იტყვით: აბა, ისინი რომ შეურაცხყოფას გვაყენებენო? არც ერთი მხარე არ აკლებს ურთიერთშეურაცხყოფას, ესაა ჩვენი უბედურება, ეს გააღვივა „ქართული ოცნების“ ბოლო, ორწლიანმა მმართველობამ და როგორმე ამ მანკიერებას უნდა მოვერიოთ. რაც უნდა მართალი იყოს კაცი, თუ თავის სიმართლეს სხვა ადამიანების პირადი შეურაცხყოფითა და ღირსების შელახვით ასხამს ხორცს, ვერ გაიმარჯვებს. მთელი 9 წელი წელი ვებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს, უამრავი საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ვიყავით, გვარბევდნენ, გვეცემდნენ, გავაპტიმრებდნენ, მაგრამ არასდროს…
ვიმეორებ: არასდროს ჩვენი ბრძოლა პირად შეურაცხყობაზე არ გადიოდა. ამ ბრძოლამ ბოლოს შედეგი მოიტანა, სააკაშვილის რეჟიმი დაეცა.
დააკვირდით: დღეს ყველა ყველას ლანძღავს, ყველა ყველას აგინებს და აფურთხებს, გაულანძღავი არც მკვდარი დარჩა და ცოცხლებს ხომ პირდაპირ “ფეისბუქის” კოცონზე წვავენ. პატივისცემა დაიკარგა, მოიშალა, დაინგრა და ისევ ვამბობ: ეს შედეგია “ქართული ოცნების” ბოლო, ორწლიანი მმართველობის, ასე ქვეყანა არც მამუკა ბახტაძეს აუდუღებია, არც გიორგი კვირიკაშვილს, არც ირაკლი ღარიბაშვილს და არც თავად ივანიშვილს, როცა ის პრემიერი იყო. ახლა სხვანაირი დუღილია, ავისმომასწავებელი…
ნახეთ, როგორაა ჩვენი საზოგადოება მონუსხული და დამუხტული. სულ ორი დღის წინ, იმედმა და რუსთავი- 2- მა 2026 წლის იანვრის ინფორმაცია გაავრცელეს: ევროპარლამენტმა რეზოლუციაში ტერმინი- ქრიტიანოფობია პირველად გამოიყენაო და მკითხველთა უდიდესმა ნაწილმა იფიქრა,- ქრისტიანებს გვემუქრებიანო და სწორედ ქრისტიანებისთვის სასიკეთო რეზოლუცია ლანძღა და ათრია. საბჭოური ტიპის პროპაგანდის ქვეშ ზომბირებულია საზოგადოების არც თუ უმნიშვნელო ნაწილი. საღი აზრი დღეს, სამწუხაროდ, სისულელედ ჟღერს.
აგრესია და ზიზღი სასწრაფოდაა ჩასაქრობი, მაგრამ ეს ვერ ჩაქრება ბრაზიანი, სადამსჯელო მოძრაობების შექმნის გზით, რაც ყოვლადარაბრძნული და საზიანო გზაა. უდაოდ საპირისპირო და მძიმე პროცესებს რომ გააღვიძებს, იმგვარი. მიკვირს, რომელ ტვინიკოსს მოუვიდა თავში აზრად,- ახალგაზრდა სპორტსმენებს, თუ სტუდენტებს უბიძგოს, რათა ჩვენი ეროვნული ტრადიციები და ფასეულობები პირადი სამართლის აღსრულებით დაიცვან, ამას დაცვა და გაფრთხილება სულ სხვა ფორმით და სხვა დონეზე სჭირდება: პირველ რიგში, საინფორმაციო ველიდან დაცვა, საკანონმდებლო დაცვა, განათლების სისტემიდან დაცვა, სიტყვით დაცვა, ღირსეული მაგალითებით დაცვა და არა მუშტების ქნევა.
“ტიტუშკომანია” უნდა დასრულდეს, “ნული თანაგრძნობა” უნდა დასრულდეს, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი უნდა ჩადგეს “ცხელ თავებს” შორის. წამქეზებლები ბოლოს დაიმალებიან და დიდი ტრაგედიის წინაშე დარცხვენილები აღმოვჩნდებით.
ამიტომ ხელისუფლებამ თავი უნდა დაანებოს კრიჭაში ჩადგომას – ყველასთან, მტრობას- ყველასთან, მასობრივ დაპატიმრებებს და ზოგადად, საბჭოთა სტილის სისტემის ფორმირებას. რაიმე სიკეთისმომტანია ან ქვეყნისთვის და ან საზოგადოებისთვის, მაგალითად, ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობა?! გახსენით ციხის კარი და ვისაც მძიმე დანაშაული არ ჩაუდენია და ყალბი მოწმეებით ცდილობთ საქმეები შეუკეროთ, გამოუშვით ის ახალგაზრდები, საპატრიარქოსაც იგივე პოზიცია აქვს. ამავე პარლამენტმა შეცვალოს “დანოსების შესახებ” საბჭოური კანონი და სხვა წითელი კანონები, 37- იან წლებს რომ აცოცხლებს, გადადგით ერთი ნაბიჯი მაინც ვითარების განმუხტვისკენ, თორემ არავინ, არავინ არ გაპატიებთ იმას, რა უბედურებაც შესაძლოა ქვეყანაში დატრიალდეს.
ვისაც გონება დაბნელებული არა აქვს და თვალი- დაბრმავებული, ის ხედავს, რომ სწორედ ამ უბედურებისკენ მივექანებით.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·