წელიწადში მინიმუმ 4-ჯერ მიწევს ატლანტიკის თავზე გადაფრენა. სავარძლის ეკრანზე ფრენის მარშრუტის რუკა მაქვს ჩართული და ილუმინატორიდან გავცქერი მორკალულ, ცისფერ ჰორიზონტს. ათი კილომეტრის სიმაღლიდან ადვილად შეიძლება გააბითურო ბრტყელი დედამიწის თეორიის მომხრეები. აშკარად ჩანს რომ ჩვენი “ბურთი” მრგვალია. თვითმფრინავი ნელა მიცოცავს რუკაზე წინასწარ მოხაზულ, ასევე მორკალულ მარშრუტზე და მე კი ილუმინატორიდან ვცდილობ ლანდშაფტის კონტურების გარჩევას. -ამჟამად გრენლანდიის ზემოთ მივფრინავთ-აცხადებს კაპიტანი. დავცქერი შავი ბზარებით დაქსელილ უზარმაზარ ყინულის ნატეხებს და ვფიქრობ …
გრენლანდიაზე გადის ევროპა-ამერიკის უმოკლესი მარშრუტი. აბსოლუტურად ყველა ტრანს-ატლანტიკურმა რეისმა ამ კუნძულის ზემოთ უნდა გადაიფრინოს. გრენლანდია ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ნაწილია და მის ტერიტორიაზე მტრული სახელმწიფოს ფეხის მოკიდებას ზუსტად ისეთივე საფრთხის შექმნა შეუძლია, როგორიც თავის დროზე კინაღამ შექმნა ხრუშჩევმა კუბაზე ბირთვული რაკეტების განლაგების მცდელობით. გრენლანდიას, ისლანდიასა და ბრიტანეთს შორის არსებული ოკეანის სივრცე ამჟამად რუსული ბირთვული წყალქვეშა ნავების ერთგვარ ჭიშკარს წარმოადგენს. სწორედ აქ დაძრწიან რუსები თავიანთი რაკეტებით, რათა საჭიროების შემთხვევაში უმოკლეს მანძილზე იმყოფებოდნენ ამერიკის მთავარ სტრატეგიულ მეგაპოლისთან – ნიუ-იორკთან.
გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკიდან ნიუ-იორკამდე მანძილი ხომ სულ რაღაც 2 900 კილომეტრია; გრენლანდიიდან კოპენჰაგენამდე კი – 3 500.
გრენლანდიის ჩრდილო-დასავლეთით, პიტუფიკის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ამერიკას სპეციალური რადარული სისტემა აქვს განთავსებული, რომელსაც ყველაზე ადრე შეუძლია ბალისტიკური რაკეტებით შეტევის დაფიქსირება რუსეთის ან ჩინეთის მხრიდან. ეს ბაზა მუდმივ სამხედრო მზადყოფნაშია.
გსმენიათ რაიმე “კრიტიკულ მინერალურ ნედლეულზე”? კრიტიკულ ნედლეულს მიეკუთვნებიან იშვიათი მინერალები, მაგალითად ლითიუმი, კობალტი, გრაფიტი, რომლებიც მთავარ სტრატეგიულ მასალას წარმოადგენენ უახლესი კომპიუტერულ-ციფრული ტექნოლოგიების წარმოებისათვის. ამ ნედლეულის კონტროლით მსოფლიოს სრული ეკონომიკური და პოლიტიკური კონტროლია შესაძლებელი.
რომელი ქვეყანა დომინირებს ამჟამად კრიტიკული მინერალებით??? ჩინეთი!!!
ჩინეთი აწარმოებს მსოფლიო კობალტის 74%-ს; მსოფლიო ლითიუმის – 65%-ს; გრაფიტის – 100%-ს; იშვიათი მინერალების 90%-ს. გამოიცანით, რომელ ქვეყანაში ხდება ყველაზე მეტი კომპიუტერების წარმოება და რომელ ქვეყანას შეუძლია ე.წ. კომპიუტერული “ჩიპების” ყველაზე დიდი რაოდენობით შექმნა ამჟამად … მიხვდით ალბათ.
გრენლანდიის გაყინული მიწიდან მსოფლიოს 34 ყველაზე იშვიათი, კრიტიკული მინერალური ნედლეულიდან 25-ის მოპოვებაა შესაძლებელი. ვის მიუწვდება ხელი ამჟამად ამ უზარმაზარ სტრატეგიულ სიმდიდრეზე? არავის.
ახლა მშვიდად გაიაზრეთ წაკითხული ფაქტები და დაფიქრდით …
რომელი ქვეყნები უპირისპირდებიან ამჟამად და აშანტაჟებენ ამერიკას? ჩინეთი და რუსეთი; ხომ ასეა?
რომელ ქვეყანას ჰყავს ამჟამად ყველაზე მრავალრიცხოვანი, უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფლოტი? – ჩინეთს. რომელი ქვეყანაა ჩართული მსოფლიო ომში და აჟღარუნებს თავის ჟანგიან ბირთვულ რაკეტებს? – რუსეთი.
რომელი ქვეყნები უტევენ ჩახლართული ჰაკერულ-კომპიუტერული თავდასხმებით ამერიკას? – ჩინეთ-რუსეთი.
რომელმა ქვეყანამ ჩაიგდო ხელში ამერიკული საინჟინრო გენიით შექმნილი სტრატეგიული გასასვლელი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებს შორის? – ჩინეთმა…
ახლა წარმოიდგინეთ რომ თქვენ ხართ ამერიკის პრეზიდენტი ამჟამად, როდესაც პრაქტიკულად მესამე მსოფლიო ომის ჰიბრიდულ ფაზაში ვიმყოფებით და თქვენი ამოცანაა ამერიკა დააზღვიოთ ანტი-ცივილიზაციის ყველაზე მძლავრი და დაუნდობელი შანტაჟისტებისაგან, ჩინეთისა და რუსეთისაგან, რა სტრატეგიულ ნაბიჯებს გადადგამდით?? არ დაფიქრდებოდით გრენლანდიასა და პანამაზე?…
… და ამ დროს… ვკითხულობ იმ ქართველთა პოსტებს ტრამპზე და ამერიკის ახალ სტრატეგიულ განცხადებებზე, რომლებსაც უბრალოდ მოეთხოვებათ ელემენტარული პოლიტიკური ინტელექტი და … ვხვდები რატომ არის ქართული პოლიტიკა იმ ფეხსალაგში, სადაც არის.