ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული ვითარების მოტივით, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 8.25%-მდე ზრდის

1 hour ago 1

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 6 მაისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე გაზარდა და ამის მიზეზად ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარება და ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი შეფერხებების გახანგრძლივება დაასახელა. 2024 წლის მაისიდან რეფინანსირების განაკვეთი პირველად გაიზარდა.

„ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი შეფერხებების გახანგრძლივებამ გლობალურად ინფლაციის მორიგი მიწოდების შოკი წარმოქმნა“, – განაცხადა ეროვნულმა ბანკმა 6 მაისს. „საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეული ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდა გლობალურად ინფლაციის ზრდაში უკვე აისახა“.

ბანკმა განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული ნავთობის ფასების გაძვირების პირდაპირი ეფექტი საქართველოს ბაზარზეც საწვავის ფასებში უკვე აისახა და რომ „აღნიშნული მიწოდების შოკების პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტების ერთობლიობის შედეგად, აპრილში, მთლიანი ინფლაცია მიზნობრივი 3 პროცენტიანი დონიდან გადაიხარა და 5.9 პროცენტი შეადგინა“. კერძოდ, საბაზო ინფლაციამ (სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს გამორიცხვით) აპრილში 3.2 პროცენტი, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 3.7 პროცენტი შეადგინა.

ბანკის თქმით, „მწვავე გეოპოლიტიკური შოკების“ მოიხედავად, საქართველოს ეკონომიკა „ინარჩუნებს მდგრადობას და ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალ დონეზე რჩება“. ბანკმა აღნიშნა, რომ 2026 წლის მარტში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ 10.7 პროცენტი, ხოლო პირველ კვარტალში 9.1 პროცენტი შეადგინა. „ამასთანავე, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი კვლავ მაღალპროდუქტიული სექტორებია, რაც მოთხოვნის მხრიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს ნაწილობრივ აბალანსებს“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური სცენარი მოიაზრებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის მეორე კვარტალში დასრულებას. „თუმცა აღნიშნული დაშვება პირობითია და მაღალი გაურკვევლობით ხასიათდება“, აცხადებს ბანკი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გეოპოლიტიკური ვითარების დეესკალაცია მართლაც განხორციელდა, „გლობალური მიწოდების სიმძლავრეების აღდგენის ხანგრძლივობა დამატებით გაურკვევლობასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკები უფრო მეტად გამოკვეთილია“.

„მიმდინარე მაკროეკონომიკური ანალიზისა და არსებული რისკების განხილვის შედეგად, მპკ-მ ოპტიმალურად მიიჩნია პოლიტიკის განაკვეთის 0.25 პპ-ით 8.25 პროცენტამდე ზრდა“, – ნათქვამია განცხადებაში. „აღნიშნული გადაწყვეტილება მიმართულია ინფლაციური მოლოდინების მიზნობრივ მაჩვენებელთან სტაბილურად შენარჩუნებისკენ“.

ბანკის თქმით, ის განაგრძობს დაკვირვებას მიმდინარე მოვლენებსა და მათი ადგილობრივ ბაზარზე გადმოცემის ინტენსივობაზე. „იმ შემთხვევაში, თუ გეოპოლიტიკური ვითარების შედეგად გამოწვეული ინფლაციური შოკები კიდევ უფრო გახანგრძლივდება და/ან მათი მასშტაბი მეორე რაუნდის ეფექტების რისკებს გააძლიერებს“, ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზომიერ ზრდას გააგრძელებს. „ხოლო მას შემდგომ, რაც ინფლაციური შოკი ამოიწურება, სებ ეტაპობრივად დაიწყებს პოლიტიკის ნორმალიზებას“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 17 ივნისს ჩატარდება.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა