ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა, ბადრა გუნბამ, 9 მაისს მოსკოვში „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ თბილისთან დიალოგი მხოლოდ რეალობის აღიარებისა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით, ეს აფხაზეთის ერთ-ერთი „საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია“.
„ქართული პოლიტიკური ელიტა რეალობას ვერ შეეგუა. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ჩვენს მოქალაქეებს უნდა ვკითხოთ არიან თუ არა ისინი ოკუპირებულები. ჩვენ თავისუფლები ვართ, ვავითარებთ ჩვენს კულტურასა და ტრადიციებს. სწორედ ეს არის დამოუკიდებლობა. საქართველოს განცხადებები პოლიტიკურია. თბილისთან დიალოგი შესაძლებელია რეალობის აღიარებისა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, რომელსაც ე.წ. არჩევნებზე მოსკოვი უჭერდა მხარს.
მან განაცხადა, რომ ძალის გამოუყენებლობა აფხაზეთის ერთ-ერთი პრიორიტეტია და დასძინა: „ჩვენი პრიორიტეტია მშვიდობიანად ცხოვრება ყველა ჩვენს მეზობელთან. ჩვენ გვსურს კეთილმეზობლური ურთიერთობები საქართველოსთან, რათა მისმა ხელმძღვანელობამ გააცნობიეროს, რომ მათ წინაშე დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელსაც არც ომი სურს და არც კონფლიქტი“.
გუნბამ აფხაზეთის დე ფაქტო ვადამდელ არჩევნებში გაიმარჯვა, რომელიც მას შემდეგ დაინიშნა, რაც ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა გასული წლის ნოემბერის მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე. გუნბამ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთში „სიტუაცია დასტაბილიზდა“. „საარჩევნო კამპანიის დროს და დღესაც ჩვენ ხაზს ვუსვამთ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ „ჩვენ არასდროს მიგვიცია საკუთარი თავისთვის პოლიტიკური მიზნებისთვის სიტუაციის დესტაბილიზაციის უფლება“.
ასევე წაიკითხეთ:
- 22/04/2025 – აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
- 05/03/2025 – მოსკოვში აფხაზეთის ლიდერის ბადრა გუნბასა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართა
This post is also available in: English