თემურ ჭყონია სინდისის პატიმრების მხარდამჭერ აქციაზე მივიდა და მედიასთან თქვა:
მუხლი, რომელიც მიყენებულია, ეს არის დაღუპვის მუხლი. ეს არ არის დასჯა. ახალგაზრდა ბავშვებს უსჯიან 7 წელს, 8 წელს, 9 წელს. ვერაფრით გამომაქვს ლოგიკური დასკვნა, რა ხდება, მე თვითონ არ ვიცი. ეს არის ჯიბრი საზოგადოების პროტესტის მიმართ, გამძლეობა, ვინ როგორ გაუძლებს თუ სახელმწიფოს სიმტკიცეს აჩვენებენ, რომ თანამოქალაქეს სჯი იმის გამო, რომ პროტესტის გამოხატა ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად და პროტესტის გამოხატვის სიტუაცია შექმნა სახელმწიფომ. ახალი არჩევნები თუ არ ჩაინიშნა, ეს ასე გაგრძელდება ხანგრძლივად, ხალხი ქუჩაში, მსოფლიო დაიწყებს სანქცირებას, შეზღუდვებს, თანხების მიუღებლობას, ეკონომიკას შეეხება, რა თქმა უნდა. საუბრობენ, ბიზნესი არ უნდა იყოს პოლიტიკაშიო, მაგრამ სამწუხაროდ, პოლიტიკა შევიდა უკვე ბიზნესის თემაში და ამიტომ დღეს სამართლიანი, სწორი შეფასების არგამოხატვა ნიშნავს იმას, რომ ეგუები რაღაც ცუდს, – ამბობს ჭყონია.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი იწყება. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე. მოსამართლემ მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხზე უნდა იმსჯელოს.