ბავშვის ზრდისა და განვითარების პირადი ბარათი
0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის
ბარათი შემუშავებულია საქართველოს პედიატრთა აკადემიის ექსპერტთა მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით.
ბარათის მიზანია ბავშვის ზრდა-განვითარებისა და ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების აღნუსხვის, შეგროვების და შენახვის ჩვევის დანერგვა ოჯახში.
ბარათი რეკომენდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, როგორც დამხმარე ინსტრუმენტი ბავშვის ჯანმრთელობაზე, ზრდასა და განვითარებაზე მონიტორინგის განსახორციელებლად.
ბარათი საჩუქრად გადაეცემა საქართველოში დაბადებულ ყველა ბავშვს.
ბარათის გაცემა ხდება სამშობიარო დაწესებულებებისა და პირველადი ჯანდაცვის სისტემის შესაბამისი დაწესებულებების მიერ.
ბარათი ინახება ოჯახში, მისი შევსება წარმოებს მშობლებისა და ბავშვის ჯანმრთელობის მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელი პირების მიერ, ბარათში მოყვანილი რეკომენდაციების შესაბამისად.
მშობელი ვალდებულია გაუფრთხილდეს ბარათს, ბავშვთან ერთად გადაადგილებისას მუდამ თან იქონიოს იგი და საჭიროების შემთხვევაში წარუდგინოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს.
ბარათი არ ცვლის ბავშვის განვითარების ისტორიას, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში ინახება.
ბავშვის ზრდისა და განვითარების პირადი ბარათის დანიშნულება
ბავშვის პირადი ბარათი არის თქვენი შვილის ზრდის, განვითარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტი.
ბარათს გამოიყენებთ თქვენ – ის დაგეხმარებათ კარგად გაეცნოთ თქვენი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასაკობრივ ცვლილებებსა და განვითარების მიღწევებს. ბარათში მოყვანილია ძირითადი ინფორმაცია ბავშვის კვების, მოვლის, უსაფრთხოებისა და დაავადებათა თავიდან აცილების თაობაზე.
ბარათში თქვენ აღნიშნავთ ბავშვზე თქვენი დაკვირვების შედეგებს, ასაკის შესაბამისი უნარ-ჩვევების გამოვლენის დროს, ბავშვის ჯანმრთელობის ცვლილებებს. მარტივად შესავსები კითხვარები და დიაგრამები დაგეხმარებათ არ გამოგრჩეთ არც ერთი დეტალი. ამა თუ იმ გადახრის დროულად შემჩნევა და შესაბამისად, სამედიცინო პერსონალისათვის დროულად მიმართვა წარმატებული მკურნალობის საწინდარია.
ბარათს გამოიყენებს ექიმიც, რომელთანაც შეხება გექნებათ ვიზიტების
დროს. ის ჩაატარებს საბაზისო გამოკვლევას (ე.წ. სკრინინგს), დააფიქსირებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან დეტალს, გაითვალისწინებს თქვენი დაკვირვების მონაცემებს და ჩაწერს თავის რეკომენდაციებს; ამიტომ, ექიმთან ვიზიტის დროს ბარათი ყოველთვის თან უნდა იქონიოთ. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ძალზე მნიშვნელოვანია, ის საშუალებას მოგცემთ თქვენც
და თქვენს ექიმსაც უფრო კარგად შეაფასოთ ბავშვის ზრდისა და განვითარების წინსვლა.
მონაცემები წლების განმავლობაში გროვდება ბარათში და საჭიროების შემთხვევაში სრულ წარმოდგენას იძლევა ბავშვის ზრდის, განვითარების და ჯანმრთელობის შესახებ სხვადასხვა ასაკობრივ პერიოდში – ეს კი ხშირად გადამწყვეტი ხდება აღმოცენებული პრობლემის დროულად ამოცნობისა და სწორი მკურნალობისათვის.
ამიტომ, ნებისმიერი სამედიცინო დახმარებისათვის მიმართვის დროს, ბარათი მუდამ თან იქონიეთ და შეახსენეთ მისი შევსება სამედიცინო პერსონალს.
გაუფრთხილდით ბარათს და სადაც არ უნდა გაემგზავროთ ბავშვთან ერთად, მუდამ თან იქონიეთ – ის თქვენ დიდ სამსახურს გაგიწევთ.
ბავშვის ზრდისა და განვითარების პირადი ბარათი
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.