ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელების“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

1 day ago 1

დამოუკიდებელი გაზეთ „ბათუმელებისა“ და ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პატიმრობაში დატოვა. 12 იანვარს დაკავებულ ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა 100 000-ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე და ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსზე ირაკლი დგებუაძეზე სავარაუდო თავდასხმას ეფუძნება, რაც პროკურორის თქმით, „შურისძიების“ მოტივით იყო განპირობებული. მოსმენა 4 მარტს ჩაინიშნა.

პროკურორმა ამაღლობლის მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოტივით სასამართლოს გირაოზე უარის თქმისა და ჟურნალისტის პატიმრობაში დატოვების თხოვნით მიმართა.

საერთაშორისო კრიტიკა

ამაღლობელის დაპატიმრება ადგილობრივმა მედია საზოგადოებამ დაგმო, როგორც თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, და მას მზარდი საერთაშორისო შეშფოთებაც მოყვა.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა. „მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს!“ – დაწერა უილსონმა X-ზე 13 იანვარს.

Amnesty International-მა დაგმო საქართველოს ხელისუფლების მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული კანონების გამოყენება მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად. ორგანიზაციამ 11-12 იანვარს მომხდარ ინციდენტზე მიუთითა, როდესაც ამაღლობელი იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გაფიცვისკენ მოუწოდებდა – ქმედება, რომელიც  უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „განსხვავებული აზრის გამოხატვის სიმბოლურ აქტად“ შეაფასა. განცხადებაში ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ 2024 წლის დეკემბერში მიღებული კანონები ხელისუფლების მიერ გამოხატვის თავისუფლების ჩახშობის შემაშფოთებელი ესკალაციის ნიშანია.  

„საქართველოს ხელისუფლების მიერ დრაკონული კანონმდებლობის გამოყენება მშვიდობიანი წინააღმდეგობის ჩასახშობად ადამიანის უფლებების დარღვევის  შემაშფოთებელი ესკალაციის ნიშანია“, – განაცხადა Amnesty International-მა. „ეს ზომები მიზანმიმართულად გამოიყენება ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და პოლიტიკური აქტივისტების წინააღმდეგ“.

ქალი და ლგბტქი ჟურნალისტების უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ Women in Journalism სერიოზული უკმაყოფილება გამოხატა ამაღლობელის დაპატიმრების გამო. ორგანიზაციამ მისი დაპატიმრება შეაფასა როგორც „უხეში თავდასხმა პრესის თავისუფლებაზე“ და საქართველოში ქალი ჟურნალისტების მიმართ მტრულ გარემოს გაუსვა ხაზი. „ნოემბრის საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდეგ, ათობით ქალი ჟურნალისტი შევიწროებისა და პოლიციის ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა“, – აღნიშნა ორგანიზაციამ. „ამაღლობელი და მისი კოლეგები ადგილზე იმყოფებოდნენ და ბათუმში ხელისუფლების მიერ უსამართლო დაკავებებს იღებდნენ. მოვითხოვთ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების მოხსნას და საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის შეწყვეტას“.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარმა პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა X-ზე დაწერა: „ევროკავშირი გმობს ამ შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაპატიმრებას. უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ. ამ უკანონო ქმედებებში ჩართულმა თანამდებობის პირებმა პასუხი უნდა აგონ.”

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა