WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის გარშემო განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციის სამი თანამშრომელი დაშავდა, ხოლო 16 ადამიანი დააკავეს.

„ცალკეული უცხოური მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს“, - წერს ასევე სამინისტრო.

„კატეგორიულად უარვყოფთ აღნიშნულ ინფორმაციას და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გულშემატკივართა მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და სამართალდამცველებთან ფიზიკური დაპირისპირება აღნიშნული დროშებისა და ბანერების გამოფენამდე, ჯერ კიდევ სტადიონის მიმართულებით მსვლელობისას დაიწყო“, - აცხადებს უწყება.

ინფორმაცია განახლდება

„უხეშად არღვევდნენ წესრიგს“

შსს თანახმად, ევროპის მოედნიდან „ბათუმი არენას“ მიმართულებით მსვლელობისას საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი „გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით“.

„ისინი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ“, - აცხადებს შსს.

უწყების თანახმად, გულშემატკივართა ნაწილის მხრიდან „ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებები სტადიონის ტერიტორიაზეც გაგრძელდა“:

„ისინი აზიანებდნენ სტადიონის ინფრასტრუქტურას, მათ შორის, სკამებს, რომლებსაც შემდგომ სამართალდამცველებს ესროდნენ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“.

შსს ასევე წერს, რომ „გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალება“, - არ აზუსტებს, რა, თუმცა სავარაუდოდ ეს იყო წიწაკის სპრეი.

იქნება „მკაცრი რეაგირება“

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა, თუ ეროვნებისა“.

„სამართალდამცველებზე თავდასხმა, ძალადობა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა დაუშვებელია და თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება“, - წერია განცახდებაში.