ბათუმში რუსული ჯგუფ „ტატუსა“ და ანი ლორაკის კონცერტები გაუქმდა

1 week ago 47

ბათუმში რუსი შემსრულებლის ანი ლორაკის და რუსული ჯგუფის – t.A.t.u. კონცერტები გაუქმდა. ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასსი“ ავრცელებს და წერს, რომ ეს ცნობა მიიღეს ბათუმის ჩოგბურთის კორტების ადმინისტრაციისგან, რომლის მოედანზეც უნდა გამართულიყო ღონისძიებები.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ორივე კონცერტი გაუქმებულია“, – განუცხადეს „TASS-ს“ ადმინისტრაციაში.

„ტატუს“ კონცერტი პირველ აგვისტოს იყო დაგეგმილი, ლორაკის 14 აგვისტოს.

პლატფორმა Biletebi.ge გვიდასტურებს, რომ ბილეთების გაყიდვა ამ ეტაპზე შეჩერებულია.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტსაც, იმ შემთხვევაში თუ მათგან პასუხს მივიღებთ, მასალა განახლდება.

„ბათუმელები“ ივნისში წერდა, რომ biletebi.ge-ზე, კორტებზე დაგეგმილი კონცერტების ერთ-ერთ ორგანიზატორად, Batumi Live-ი იყო მითითებული. მათ ჩამოჰყავდათ ანი ლორაკი და t.A.t.u. რეესტრის მიხედვით, Batumi Live-ის მფლობელი მამუკა მამულაძეა. ივნისში მან არ უპასუხა „ბათუმელების“ ზარებს.


ანი ლორაკი ეროვნებით უკრაინელია, თუმცა 2014 წლიდან ფაქტობრივად რუსეთში მოღვაწეობს. მას უკრაინამ 2022 წლის ოქტომბერში სანქციები დაუწესა. მომღერალს ასევე ჩამოართვეს უკრაინის სახალხო არტისტის საპატიო წოდება.

რაც შეეხება ჯგუფ t.A.T.u.-ს  ომის დაწყების შემდეგ ჯგუფს რუსეთის აგრესია საჯაროდ და ოფიციალურად არ დაუგმია და აგრძელებენ კონცერტების ჩატარებას.

ვინ ამღერებს რუსებს ბათუმში – „სპორტიც და ხელოვნებაც პოლიტიკაა“

სრულად წაკითხვა