ბაია პატარაიას ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ქალი თბილისში ‘ფემიციდს’ ემსხვერპლა

2 hours ago 4

ახალგაზრდა ქალი აზერბაიჯანიდან თბილისის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს მას შემდეგ, რაც შეყვარებულმა იგი მოტყუებით ჩამოიყვანა საქართველოში, მოგვიანებით კი მასზე მზრუნველობის პასუხისმგებლობა ნათესავმა მამაკაცმა აიღო, წერს ქალთა უფლებების დამცველი ბაია პატარაია სოციალურ მედიაში 1 ივლისს და შემთხვევას „შემზარავ ფემიციდს“ უწოდებს.

პატარაიამ განაცხადა, რომ ინციდენტის შესახებ მან პირველად რუსი ინფლუენსერისგან შეიტყო, რომლის თქმითაც მსხვერპლი აზერბაიჯანელი ახალგაზრდა ობოლი გოგო იყო, რომელიც შეყვარებულმა „გამოიტყუა“, რათა ერთად ეცხოვრათ და ემუშავათ.

„შეპირებული სამსახური არ გამოვიდა“, – განაცხადა პატარაიამ და დასძინა, რომ როგორც კი წყვილს ფული გამოელია, შეყვარებულმა ბიჭმა გოგოს აიფონი დაალომბარდა, მანამდე „მაგრად სცემა ეს გოგო, დააგდო ქუჩაში და მარტო დაბრუნდა აზერბაიჯანში“.

პატარაიას თქმით, ნაცემი აზერბაიჯანელი გოგო ერთმა სომეხმა ქალმა შეიფარა და აზერბაიჯანში ნათესავებთან დაარეკინა. მოგვიანებით, თბილისში მისი ახალგაზრდა ნათესავი მამაკაცი ჩამოვიდა, რომელიც მას ბინის დაქირავებას და სიტუაციის დაწყნარებისთანავე აზერბაიჯანში დაბრუნებას დაპირდა. „თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ ეს გოგო მალევე გაქრა“, – წერს პატარაია.

მისი თქმით, აზერბაიჯანიდან უმცროსმა დამ ძებნა რომ დაუწყო, სომეხ ქალს დაურეკა და სთხოვა, გოგოსთვის ბინაში მიეკითხა. მეზობლებმა მას უთხრეს, რომ წინა ღამეს „დიდი ჩხუბის ხმა“ ისმოდა, თუმცა პოლიციას არავინ დაკავშირებია. მოგვიანებით,  პოლიციამ კარი შეამტვრია და „მოკლული გოგო იპოვნა ბინაში“.

პატარაიამ განაცხადა, რომ სავარაუდო მკვლელი თურქეთში გაიქცა და მასზე ძებნა გამოცხადდა. ხელისუფლებას საქმეზე ინფორმაცია ჯერ არ გამოუქვეყნებია.

პატარაიას თქმით, „საფარმა“ პროკურატურას მიმართა და საქმეში ჩართვა მოითხოვა. „ახლა პროკურორის გადასაწყვეტია, მოგვცემენ თუ არა უფლებას ვიყოთ ამ საქმეში იურისტებად, რადგან მოკლულის ერთადერთი ოჯახის წევრი აზერბაიჯანშია და ჯერ ის უნდა იქნეს აღიარებული უფლებამონაცვლედ“, – აღნიშნა მან.

პატარაიამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანში სავარაუდო მკვლელობა უკვე „ღირსების დანაშაულად“ მიიჩნიეს. „ნათესავები გოგოს ადანაშაულებენ ყველაფერში და მკვლელს „ღირსების აღდგენის“ მოტივით ამართლებენ“, – დასძინა მან.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა