შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 40 სიკვდილმისჯილიდან 37 შეიწყალა. მათ სასჯელის უმაღლესი ზომა სამუდამო პატიმრობით შეეცვალა.
ჯო ბაიდენმა ეს ნაბიჯი პრეზიდენტის პოსტის დატოვებამდე თვეზე ნაკლებ დროში გადადგა. 20 იანვარს თეთრ სახლს ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ დონალდ ტრამპი დაიკავებს - ამერიკის არჩეული პრეზიდენტი, რომელიც სიკვდილით დასჯის ზომის გაფართოებას უჭერს მხარს.
პრეზიდენტ ბაიდენის მიერ შეწყალებულ სიკვდილმისჯილთა შორის ბევრია მკვლელობის გამო გასამართლებული პატიმარი. მათ სიაში არიან პოლიციელთა, სამხედრო მოსამსახურეთა, ან ციხის მცველთა მოკვლის, ბანკის გაძარცვისას, თუ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ფაქტების გამო გასამართლებული, რაც სასჯელის უმაღლეს ზომას ითვალისწინებს.
სამი დამნაშავე, რომლებიც პრეზიდენტმა არ შეიწყალა, არიან:
1. დილან რუფი, რომელმაც 2015 წელს, ქალაქ ჩარლსტონის ერთ-ერთ ეკლესიაში რასისტული მოტივით 9 შავკანიანი ადამიანი მოკლა.
2. ისლამისტი ჯოხარ ცარნაევი, რომელმაც ძმასთან ერთად 2013 წელს, ბოსტონის მარათონზე ტერაქტი მოაწყო. აფეთქებულმა ბომბებმა 4 ადამიანი იმსხვერპლა, ასობით დაშავდა, 17-მა კიდურები დაკარგა.
3. რობერტ ბოუერსი, რომელმაც 2018 წელს პიტსბურგის ერთ-ერთ სინაგოგაზე მიიტანა იერიში. ამერიკაში მომხდარ ყველაზე მსხვერპლიან ანტისემიტურ თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა.
„ჩემი კარიერა ძალადობრივი დანაშაულის შემცირებასა და სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფას მივუძღვენი“, - თქვა ბაიდენმა 23 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში და დასძინა: „დღეს მე ფედერალურ სასიკვდილო მსჯავრდებულთაგან 37-ს სასჯელს სამუდამო პატიმრობით ვუცვლი. [სასჯელის] ამგვარი შემსუბუქება გათვალისწინებულია იმ მორატორიუმით, რომელიც ჩემმა ადმინისტრაციამ ფედერალურ (ფედერალური კანონმდებლობით) სიკვდილით დასჯაზე დააწესა, ტერორიზმისა და სიძულვილით მოტივირებული მასობრივი მკვლელობის გამონაკლისით".
მორატორიუმი ბაიდენის ადმინისტრაციამ საპრეზიდენტო პოსტის გადაბარებისას, 2021 წელს გამოაცხადა. თუმცა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იქვე დადო პირობა, რომ ის არ შეეხებოდა მასობრივ მკვლელობებს, რომლებიც სიძულვილით იყო მოტივირებული, ან ტერორიზმს უკავშირდებოდა.