ბალოტელიმ შეიძლება "ჯენოაც" დატოვოს - სად ეპატიჟებიან მარიოს

4 days ago 4

წლის უკანასკნელი დღეები გამოცდილი იტალიელი თავდამსხმელის, მარიო ბალოტელის უახლოესი მომავლისთვის გადამწყვეტი იქნება. სწორედ წლის ბოლომდე უნდა გადაწყვიტოს მარიომ, კიდევ 6 თვით დარჩება "ჯენოაში" თუ კიდევ ერთხელ გამოიცვლის კლუბს.

"როსებლუს" ბალოტელი ოქტომბერში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 6 მატჩში მას სულ 54 წუთი დაეთმო, კალებ ეკუბანისა და ჯეფ ეხატორის ტრავმებიდან დაბრუნება კი სუპერმარიოს ისედაც შეზღუდულ სათამაშო დროს კიდევ უფრო შეზღუდავს. 

სუპერმარიოს მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ანდრეა პინამონტი "ჯენოას" უკონკურენტო ცხრიანად მიიჩნევა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 34 წლის ფორვარდსა და გენუელებს შორის დადებულ კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომელიც ორივე მხარეს აძლევს უფლებას, ხელშეკრულება ვადაზე ადრე გაწყვიტონ.

ბალოტელიმ ამ უფლებით შეიძლება ისარგებლოს, რადგან მას მექსიკიდან აქვს საკმაოდ მაცდური შეთავაზება. GDS ირწმუნება, რომ "კრუზ ასული" მარიოს სეზონში 2 მილიონ ევროს სთავაზობს.

აქვე გეტყვით, რომ "ჯენოა" იტალიის სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციაზეა.

სრულად წაკითხვა