ბანერის დაზიანების გამო სისხლის სამართლის წესით აქტივისტი მეგი დიასამიძე დააკავეს

5 hours ago 4

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კახა კალაძის „ბანერის დაზიანებისთვის“ სისხლის სამართლის წესით დაკავებული აქტივისტი არის მეგი დიასამიძე.

23 წლის მეგი (ირმა) დიასამიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს „ნივთის დაზიანებას ან განადგურებას“.

ამ მუხლის პირველი ნაწილი ისჯება „ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 180 საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობით“.

როგორც დემონსტრანტების ნაწილი წერს, დიასამიძემ გუშინდელ, 9 სექტემბრის აქციაზე მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, კალაძის ბანერს დააწერა „რუსული ოცნება“. წარწერა მალევე წაშალეს.

მეგი დიასამიძის და, ნელი დიასამიძე ფეისბუკზე ადასტურებს დის დაკავებას და აცხადებს:

„რეჟიმი ცდილობს ამ მეთოდებით შეგვაშნოს, რის გამოც კიდევ უფრო მეტად უნდა ვიბრძლოთ, რომ მეგიც და ყველა პოლიტიკური ტყვე თავისუფალი იყოს წლის ბოლომდე“.

დიასამიძე 2023 წლიდან არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წინააღმდეგ აქციების მონაწილე.

ვრცელდება ინფორმაცია დღეს კიდევ ერთი დემონსტრანტის დაკავების შესახებ. რადიო თავისუფლება ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას.

სრულად წაკითხვა