ბანკეროს დაბრუნებამ ბითაძის შედეგიანობა შეამცირა | ორლანდო მილუოკისთან დამარცხდა

3 hours ago 2

ეს დღეც დადგა – ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა პაოლო ბანკერო და ორლანდო მეჯიქის სათამაშო სტილიც შეიცვალა. გოგა ბითაძის ქომაგები ინტერესით ველოდით გუნდის მთავარი ლიდერის დაბრუნებას, რადგან საინტერესო იყო ქართველი ცენტრის როლი პარკეტზე ბანკეროს დაბრუნების შემდეგ. უარყოფითი ვარაუდი ჯერ-ჯერობით გამართლდა და ბითაძის პროდუქტიულობა შემცირდა, რადგან ბანკერომ თამაშიდან 21 ბურთი ესროლა, კომბინაციები სხვა თარგზე აეწყო, სადაც ქართველ ცენტრის როლი ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე ბანკეროს არყოფნის პერიოდში.

ორლანდო მეჯიქმა მილუოკი ბაქსს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 106:109 წააგო. კარგი ის გახლდათ, რომ ბითაძემ შეინარჩუნა სასტარტო ცენტრის სტატუსი, თუმცა მისი დაკარგვა ბანკეროს დაბრუნების გამო არც ყოფილა მოსალოდნელი. გუნდის მეორე ცენტრი, ვენდელ კარტერი სათადარიგო იყო, თუმცა საბოლოო ჯამში ბითაძეზე 2 წუთით მეტი ითამაშა. 48 სათამაშო წუთი ცენტრებზე ასე გაიყო: ვენდელ კარტერი 25, გოგა ბითაძე – 23.

და მთავარი: რა შედეგი ჰქონდა ბითაძემ. 4 ქულა და 5 მოხსნა, რაც მისი ბოლოდროინდელი საშუალო სტატისტიკის ნახევარიც არ არის. გოგამ მხოლოდ 4-ჯერ შეუტია ფარს და 2 სროლა ჩააგდო. მის ანგარიშზე ასევე 1 პასი გახლდათ, როცა ბოლო 4 მატჩში საშუალოდ 5-ამდე პასს აგროვებდა. და რა ქნა ბანკერომ: 34 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი. არაა ცუდი, მაგრამ მასზე უკეთესი ბიჭი გამოდგა იანის ადეტოკუმბო, რომელმაც 41 ქულა და 14 მოხსნა მოქაფა და თავის გუნდს მოაგებინა. საინტერესოა ვენდელ კარტერის მონაგარიც: 2 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი.

როგორ გაგრძელდება ბითაძის საგა ორლანდოში, შემდეგ მატჩებში გამოჩნდება. ცხადი რაცაა, რომ ბანკეროს მოედანზე ყოფნისას ბითაძე იმდენს ვეღარ შეუტევს, რამდენსაც აფრო-იტალიელ-ამერიკელის არყოფნაში უტევდა. შემდეგი მატჩი 13 იანვარს კვლავ ორლანდოშია, ფილადელფიას წინააღმდეგ.

სრულად წაკითხვა