WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„თავისუფალი ხალხის პარტიის“ (ყოფილი „გირჩის“) ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე, რომელიც მის გადაცემაში ნათქვამის გამო „საბოტაჟს/სამშობლოს ღალატს“ ედავებიან, პოლიტიკური პატიმარია.

მისი თქმითვე, ის, რასაც გიორგი ბარამიძეს ედავებიან, არაფერ შუაშია სამშობლოს ღალატთან: „გია ბარამიძე არის პოლიტპატიმარი. ის, რაც მის თავს ხდება, არის აბსოლუტური აბსურდი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ 15 სექტემბერს „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.

„ვერ ვგრძნობ საკუთარ დანაშაულს“

„მე ვიცი, რომ ბევრი ადამიანი რაღაცნაირად ირიბად მეც მადანაშაულებს ამაში, მაგრამ მე ვერ ვგრძნობ საკუთარ დანაშაულს“, - თქვა ყოფილი „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „საქართველოს დაბადების“ ავტორმა.

შეკითხვაზე, ხომ შეეძლო მას გადაცემის ის მონაკვეთი არ გაეშვა, სადაც ბარამიძე იმ საკითხზე საუბრობდა, რის გამოც დააპატიმრეს, ხვიჩიამ უპასუხა:

„მე ეგრე შემეძლო ჩემი 300-მდე გადაცემის ნახევარი არ გამეშვა ეთერში იმიტომ, რომ ჩემი გადაცემების დიდ ნაწილში, - თუ ამ სტანდარტით შევხედავთ, რომ ეს არის კრიმინალი ან სამშობლოს ღალატი, - იქ უამრავი ადამიანი შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დამნაშავე. მაგრამ მე ამ სტანდარტით არასდროს არ შემიხედავს“.

„კრიმინალი ვერ დავინახე“

მან გიორგი ბარამიძის მხარდამჭერებს მიმართა: „თუ მე მეუბნებით, რომ შენ ეს არ უნდა გაგეშვა, ავტომატურად ამბობთ, რომ გია ბარამიძე დამნაშავეა“.

„მე იმიტომაც არ მიმიქცევია ამაზე ყურადღება, რომ მე ამ ქმედებაში კრიმინალი არ დამინახავს. თორემ კრიმინალი რომ დამენახა, მერე შეიძლებოდა მე თვითონაც გამეფრთხილებინა, რაღაცა მეთქვა“, - თქვა პოლიტიკოსმა.

„მაგრამ მე ვინაიდან ასეთი 300-მდე გადაცემა მაქვს ჩაწერილი, ხალხი აფხაზი ტყვების კი არა, ქართველების ერთმანეთის ხოცვის ისტორიას ყვება, საკუთარ თანამონაწილეობასაც კი ამაში რომ ადასტურებს ისე და ეს არასოდეს არ გამხდარა პოლიტიკური დისკუსიის საგანი და არავინ არსად არ დაუბარებიათ. არაფერ შუაში ეს არ არის სამშობლოს ღალატთან“, - განაცხადა ხვიჩიამ.

„ვეტერანების ღირსება“

პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ „სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი, ზოგადად, არის ქმედება და არა წინადადება, ამისთვის რაღაც კონკრეტული კომპონენტებია საჭირო“, - და დასძინა, რომ ამ შემთხვევაში არ ჩანს დანაშაულის კომპონენტები, მათ შორის, არ არსებობს დაზარალებული.

„ამ საქმეში დაზარალებულად რაც და ვინც გამოცხადდა, ყველა აბსტრაქტულია. „ვეტერანების ღირსება“, „ჯარის ღირსება“, „რეპუტაცია“ და „სამშვიდობო მოლაპარაკებები“, - თქვა მან.

მისი თქმით, „ვეტერანების ღირსება არ არის სამართლებრივი კატეგორიის საკითხი“ - „ეს არის [ის, რაზეც] კონკრეტულ პირებს სამოქალაქო დავის ფარგლებში შეიძლება ეჩივლათ ცილისწამებისთვის“.

„მთავარი უზნეობა, რომელიც ამ საქმეში ხდება, ეს არის ვეტერანების სახელის გაფუჭება. თუ ვინმე მათ ღირსებას უხეშად ფეხქვეშ თელავს, ეს არის ის ორგანო, რომელმაც ვეტერანებს ეს უმსგავსო საქციელი ჩაადენინა“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

„მე არ მინდა [ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსზე] კობა კობალაძეზე ვთქვა, რომ მას უნდა გია ბარამიძის დაჭერა. თვითონ უნდა გააკეთოს ამაზე განცხადება. მე არ მინდა, რომ [ამავე სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორ] კობა ლიკლიკაძეს დავაბრალო, რომ მას უნდა გია ბარამიძის დაჭერა“, - განაცხადა ხვიჩიამ.

„ორივენი ჩემი სტუმრები იყვნენ. მე მათ პატივს ვცემ, როგორც ჩემს სტუმრებს, რომლებსაც კარგი გადაცემა ჰქონდათ, გულწრფელად ილაპარაკეს, - ჩემი აზრით, - რაც იცოდნენ. მაგრამ თუ დადასტურდა, რომ ისინი თანავეტერანის, თანამებრძოლის, თუნდაც მისი ცუდი სიტყვების გამო, თუნდაც მისი უპასუხისმგებლო სიტყვების გამო მის დაჭერას ითხოვენ, ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე დიდი ვეტერანების შეურაცხყოფა“, - თქვა „გირჩის“ ლიდერმა.

კობა ლიკლიკაძემ, - რომელიც აფხაზეთის ომის დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული პრესცენტრის სამხედრო ჟურნალისტი იყო, მოგვიანებით კი, წლების განმავლობაში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი - 2026 წლის 10 აგვისტოს, პროკურატურაში ბარამიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შემდეგ განაცხადა:

„მე არ მიმაჩნია სწორად, რომ გიორგი ბარამიძე აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა, პიროვნება, ადამიანი, რომლის დაპატიმრებაზე სანქცია რუსეთს უკვე აქვს გაცემული“, - უთხრა მან ჟურნალისტებს პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ. ის ბარამიძეს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებდა.

ბარამიძის დაპატიმრება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ბარამიძეს, მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 12 სექტემბერს შეუფარდა.

ყოფილი მაღალჩინოსანი 11 სექტემბერს, საღამოს, საკუთარ სახლში დააკავეს - „სამშობლოს ღალატისა” და “საბოტაჟის” ბრალდებებით - სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლების შესაბამისად.

ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლი „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს დააბრუნა).

დაკავებულის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, პატიმრობის შეფარდება პოლიტიკურi დაკვეთა და უკანონო გადაწყვეტილებაა.

  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიება 7 აგვისტოს დაიწყო „სამშობლოს ღალატის“ მუხლით.
  • პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას "ნაციონალურ მოძრაობაში" „ცილისმწამებლური და აბსურდული საქმე“ უწოდეს.
  • მათი შეფასებით, „ეს შეთითხნილი საქმე კიდევ ერთი დასტურია ამ რეჟიმის რუსული ბუნების“.
  • მოგვიანებით ბარამიძემ რამდენიმე განმარტება გააკეთა, მათ შორის თქვა: „არ მითქვამს, რომ ჩვენ აგვყავდა ტყვეები და მერე იმათ ვხვრეტდით“.