ისინი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს მიმართავენ, განიხილონ ალან ბერსეს ვიზიტისას „მისი მოქმედებების კეთილსინდისიერებისა და ევროპის საბჭოს სადამფუძნებლო პრინციპებთან შესაბამისობის საკითხი“.
„ასეთი დროს მისი ვიზიტი და შემაჯამებელი განცხადების შინაარსი იყო არსებითად უპასუხისმგებლო და არ შეესაბამება ევროპის საბჭოს სულისკვეთებას, ამ ინსტიტუციის პრინციპებსა და ღირებულებებს. ეს სრულიად აცდენილია იმ უმძიმეს ვითარებასთან, რომელიც საქართველოში დღეს არის და ლეგიტიმურ კითხვის ნიშნებს აჩენს ამ ვიზიტის რეალურ მოტივებთან დაკავშირებით.
ალან ბერსეს დასკვნითი პრესკონფერეცია შეიცავდა გზავნილებს, რომლებიც არ ემსახურება კრიზისის განმუხტვას, არამედ პირიქით, მეტად ამძიმებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს.
ამ უკიდურეს ვითარებაში, სრულიად მიუღებელი და უადგილოა საუბარი ე.წ. „რუსულ კანონში“ რაიმე სახის საკანონმებლო ცვილებების გატარების და მის „გაკეთილშობილების“მცდელობაზე ან ამ მიზნით არალეგიტიმური პარლმენტაისა და მთავრობის პირობებში, რაიმე ტიპის სამუშაო ჯგუფის შექმნაზე“, - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია - საქართველოსთვის“.
ალან ბერსეს აკრიტიკებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. მისი თქმით, ამ დელეგაციას არ ჰქონდათ შესაბამისი მანდატი და უფლება, რომ „არაღიარებულ ხელისუფლებასთან“ ერთად „დანიშნონ“ კომისია „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით.
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოში 18 დეკემბერს ჩამოვიდა. სამდღიანი ოფიციალური ვიზიტისას ის შეხვდა ხელისუფლების, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს. ბერსეს შეხვედრა ჰქონდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთანაც და ორჯერ შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.
20 დეკემბერს ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, ბერსემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეთანხმდნენ, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პასუხად განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა ასეთი დისკუსიებისთვის, თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა „დაუმტკიცონ“ კანონის ხარვეზები.
„იქნებ იდეალური კანონია, მაინც შევცვალოთ?“ - თქვა მან.
ბერსეს ამ განცხადებას აკრიტიკებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ფეისბუკზე დაწერა, რომ ბერსეს გაჟღერებულ ინიციატივას არ ემხრობა და „შარლ მიშელი 2 არ იქნება“. ბერსეს განცხადება გააკრიტიკა „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამაც.