“APA-ს” ინფორმაციით, თვითმფრინავის ნამსხვრევები და მოწმეების ჩვენებები იძლევა იმის საფუძველს, რომ ის ექვემდებარებოდა გარე ჩარევას. ამის შესახებ აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნისთანავე, პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბრძანებით, შესაბამისი კომისია შეიქმნა. კომისიის წევრები გაგზავნეს აქტაუში, სადაც გაეცნნენ ავარიის დეტალებს და დაღუპულთა მდგომარეობას, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი და შეხვდნენ დაშავებულ აზერბაიჯანისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს.
“დაშავებულმა მგზავრებმა და გადარჩენილმა ბორტგამცილებელებმა თქვეს, რომ გროზნოს თავზე აფეთქების ხმა გაიგეს. ერთ-ერთი ბორტგამცილებელი კი დაიჭრა მკლავში. ასევე სოციალური ქსელებიდან და მედიის მიერ გავრცელებული ვიდეომასალადან ირკვევა, რომ ქალს დაზიანებები ხელ-ფეხში აქვს მიყენებული. გარდა ამისა, თვითმფრინავის ფრთაზე ხვრელები ჩანდა. თვითმფრინავის შიგნით და ფიუზელაჟზე დაზიანებულია სხვადასხვა საჭრელი ხელსაწყოები. დაზარალებულებმა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, ასევე აცხადებენ, რომ გროზნოს თავზე სამი აფეთქების ხმა გაიგეს. მათ თქვეს, რომ აფეთქებები მოხდა გარეთ და შემდეგ რაღაც შეეხო თვითმფრინავს,” – თქვა ნაბიევმა.
მისი თქმით, კატასტროფის პირველივე წუთიდან, პრესა წერდა თვითმფრინავის ფრინველებთან შეჯახების შესახებ. მაგრამ ექსპერტების პირველადი დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ თვითმფრინავის ნამსხვრევები ადგილზე და მოწმეების ჩვენებები იძლევა იმის საფუძველს, რომ გარედან მოხდა ჩარევა:
“თუმცა, რა სახის იარაღით იყო ეს ჩარევა, ამას გამოძიება დაადგენს. გარდა ამისა, თუ თვითმფრინავის ფრენის გზას დააკვირდებით, ირკვევა, რომ მან მიმართულება მახაჩკალაზე აიღო აქთაუსკენ. მიეცა თუ არა თვითმფრინავს ნებართვა აქ დაშვებაზე, გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე გაირკვევა. გარდა ამისა, გამოძიება დაადგენს პილოტის ავარიული დაშვების მიზანს. GPS-ის გამორთვის საკითხი მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ გახდება ცნობილი,” – აცხადებს აზერბაიჯანელი მინისტრი.
ნაბიევის თქმით, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები მიდიან დასკვნამდე, რომ თვითმფრინავის ეკიპაჟმა ყველაზე ოპტიმალური დაშვება განახორციელა, რის შედეგადაც, თვითმფრინავში მყოფი ადამიანების უმრავლესობა გადარჩა.
მინისტრის თქმით, აზერბაიჯანმა, თავისი უფლებით, პროცესში საერთაშორისო კონსულტანტებიც მიიზიდა და მათთან უკვე აქვთ კომუნიკაცია.
მინისტრმა აღნიდნა, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფება კომპანია “Embraer-ის” ორი სპეციალისტი, რომლებიც საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ. ხვალ შემთხვევის ადგილზე ბრაზილიელი სპეციალისტებიც იქნებიან.
“როგორც ყაზახი ოფიციალური პირების განცხადებებიდან ირკვევა, ისინი მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ ბრალდება თვითმფრინავში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შესახებ როსტოვში მყოფმა დისპეჩერმა გააკეთა. მიგვაჩნია, რომ პირველ რიგში, აუცილებელია ამ ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება. ეს არის ინფორმაცია დაინტერესებული მხარის მიერ. ამის უარყოფის ფაქტებთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ აფეთქების ხმები ისმოდა გვერდიდან,” – აღნიშნა მინისტრმა.
APA-ს ინფორმაციით, ყაზახეთში აზერბაიჯანული თვითმფრინავის კატასტროფის გამოძიებაში თურქი სპეციალისტებიც ჩაერთნენ.
თურქეთის სამოქალაქო ავიაციის ექსპერტთა ჯგუფი უკვე გაემგზავრა კატასტროფის ადგილზე. თურქი სპეციალისტები გამოძიების შედეგებს აზერბაიჯანელ ოფიციალურ პირებს გაუზიარებენ.
25 დეკემბერს ყაზახეთში, ქალაქ აქთაუს მახლობლად, “AZAL-ის” სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, ჩამოვარდა.
ოფიციალური ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ეკიპაჟის 5 წევრი.
კატასტროფის შედეგად, 38 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 29 გადარჩა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხომალდმა რამდენიმე წრე დაარტყა ჰაერში. ფრინველებთან შეჯახებისა და საჭის კონტროლის დარღვევების გამოვლენის შემდეგ, ეკიპაჟმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, თვითმფრინავი აქთაუს მიმართულებით გაემგზავრა გადაუდებელი დაშვებისთვის. თუმცა დაშვება ტრაგედიით დასრულდა. ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, კატასტროფა ასტანას დროით 11:30 საათზე მოხდა.
ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ავიაკატასტროფაში გადარჩენილთა შორისაა რუსეთის ფედერაციის 10, აზერბაიჯანის 14, ყირგიზეთის ორი მოქალაქე, ხოლო სამის მოქალაქეობა დადგენილი არ არის.