ბაჩიაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

1 day ago 6

გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის საპატიმროდან გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ადვოკატი, დავით ჯანდიერი ამბობს, რომ ამის მიზეზად „ლოჯისტიკური საკითხები” უთხრეს.

„შაბათს მოხდა გიორგის გადაყვანა გლდანის მე-8 დაწესებულებაში. მიზეზად დასახელებული იყო მისთვის ლოჯისტიკური ხასიათის საკითხები, კერძოდ, ის რომ, გარდა იმისა, რომ ის არის მსჯავრდადებული, ასევე, არის ბრალდებული და მონაწილეობა უნდა მიიღოს სასამართლო განხილვებში. მისი საპატიმრო პირობები არის უცვლელი. ის თავს მხნედ გრძნობს და ცხადია, მუდმივად გვექნება მასთან კომუნიკაცია”, – განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილმა არაეფექტიანად მართა საინვესტიციო პროექტები და აქტივები, არ მიიღო ზომები რისკების აღმოსაფხვრელად.

29 მაისის პროცესზე ბრალდების მხარემ გიორგი ბაჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დააყენა. როგორც საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განმარტა, ბაჩიაშვილს ე.წ. „ბიტკოინების საქმეზე“ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, რის გამოც პატიმრობის გამოყენების საფუძველი აღარ იყო.

მოსამართლე ნანა შამათავამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გააუქმა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 24 ივლისს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილი 26 მაისს დააკავეს. უწყება წერს, რომ მათთვის „ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა“.

4 მარტს ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ მიიღო „სანდო ინფორმაცია რეალური საფრთხეების შესახებ“ და 2 მარტს ქვეყანა იძულებით დატოვა. როგორც ის აცხადებდა, საქართველოდან წასასვლელად „სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც” გამოიყენა და მიუხედავად იმისა, რომ ორივე პასპორტი ჩამორთმეული ჰქონდა, ქვეყნის დატოვება მოახერხა.

გიორგი ბაჩიაშვილს ე.წ. „ბიტკოინების საქმეზე“ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

„ბიტკოინების საქმის“ გარდა, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კიდევ 2 საქმეზე აქვს წარდგენილი – საზღვრის უკანონო კვეთისა და „მტკვარი ჰესის” საქმეებზე.

ბაჩიაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე.

რაც შეეხება „მტკვარი ჰესის” საქმეს, ბაჩიაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილმა არაეფექტიანად მართა საინვესტიციო პროექტები და აქტივები, არ მიიღო ზომები რისკების აღმოსაფხვრელად.

შედეგად, უწყების მტკიცებით, „მტკვარი ჰესის საინვესტიციო მოცულობა და ექსპლუატაცია შესვლის პერიოდი შეუსაბამოდ გაიზარდა, რაც ნეგატიურად აისახა პროექტის მომგებიანობაზე და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ამერიკული დოლარით – 240 მილიონ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მიუხედავად კოლოსალური დანახარჯებისა, ჰესი ექსპლუატაციაში დღემდე არ შესულა, შედეგად კი არსებითად დაზიანდა ინვესტორის კანონიერი ინტერესები“.

სრულად წაკითხვა