ბაჩიაშვილის თქმით, დახურულ სხდომაზე ივანიშვილი დაემუქრა სხვა საქმეზე სისხლის სამართლის დევნით

3 hours ago 2

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე კრიპტოვალუტების საქმეზეა ბრალდებული, აცხადებს, რომ ყოფილი დამსაქმებელი მას დღეს გამართულ დახურულ სასამართლო სხდომაზე დაემუქრა სისხლისსამართლებრივი დევნით სხვა საქმეზე.

„გაჟღერდა მუქარის შემცველი რამდენიმე წინადადება. მათ შორის ჩვენს რამდენიმე კონტრაქტულ და სამოქალაქო სამართლის ურთიერთობაზე. ეს [თანაინვესტირების] ფონდის სხვა, გარკვეულ სტრუქტურულ ნაწილებს ეხება“, - განუცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა 5 თებერვალს ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

„ის დამემუქრა, რომ ამ შემთხვევაშიც მოსალოდნელია ჩემი პასუხისგებაში მიცემა. ამის უკვე არ მეშინია, რადგან მესამე შემთხვევა იქნება, როცა სამოქალაქო საკითხი იხილება სისხლის სამართლის კუთხით, ივანიშვილის დავალებით“, - განაცხადა მან.

ბიძინა ივანიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ჩვენება დახურულ სხდომაზე დისტანციურად მისცა

ბიძინა ივანიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ჩვენება დახურულ სხდომაზე დისტანციურად მისცა

მოგვიანებით ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში მან თქვა, რომ ივანიშვილი „უკმაყოფილოა, რომ „თანაინვესტირების ფონდი“ დაფუძნებულია საერთაშორისო პრაქტიკის მიხედივთ“:

„მას ჰგონია, რომ ამ სტრუქტურაში გადამეტებული როლი და ფუნქცია აქვს სტრუქტურის მმართველ კომპანიას და მე. შესაბამისად, ის დამემუქრა მორიგი სისხლის სამართლის დევნით, თუ მის გარკვეულ მოთხოვნებს არ დავემორჩილები“.

„ღიმილისმომგვრელია ეს მუქარა, რა თქმა უნდა. ის არ ერიდება და სასამართლოს წინაშეც ბედავს სისხლის სამართლის დევნით დამუქრებას“, - თქვა ბაჩიაშვილმა.

რამდენიმე კვირით ადრე, 23 იანვარს ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქმის აღძვრის შემდეგ მას „შუამავლის“ გამოყენებით 5000 ბიტკოინის გადახდას სთავაზობდა:

„ივანიშვილი აგრძელებს გამოძალვას. ეს არის გამოძალვა, როცა სისხლის სამართლის პასუხისგების მუქარის ქვეშ ადამიანს სთხოვ დიდძალი ოდენობის თანხის გადახდას“, - თქვა ბაჩიაშვილმა.

„ეს იყო 5000 ბიტკოინის მოთხოვნა წინა შემოდგომაზე და ე.წ. კრიმინალური „შოჩიკი“, რომ ყოველ თვეში ეს გადასახადი თანხა გაიზრდებოდა 500 ბიტკოინით“, - განაცხადა მან მაშინ.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ ივანიშვილმა თავის ყოფილ ფინანსისტს, გიორგი ბაჩიაშვილს, მორიგება შესთავაზა.

„ადგილი ჰქონდა არა რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ მორიგების მცდელობას მხარეთა შორის, რაც სრულიად ჯანსაღი მოვლენაა“, - განაცხადა მაშინ წიქვაძემ.

დღევანდელი სხდომის შემდეგ ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ მიმდინარე საქმეზე მოკლედ ისაუბრა განაცხადა:

„როდესაც არ გაქვს ფული, როდესაც არ გაქვს უზრუნველყოფა და როდესაც არ იღებს ინვესტიციიდან გამომდინარე რისკებს, ვერ დაგერქმევა ინვესტორი“.

მისი თქმით, დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან სხდომა დახურული იყო.

მისი თქმითვე, ივანიშვილის გამოკითხვა ერთ საათზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა.

სრულად წაკითხვა