13 მარტს ბელგიელმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ ევროპარლამენტში ჩინური „ჰუავეის“ სასარგებლოდ საეჭვო მექრთამეობის საფუძველზე, რამდენიმე პირი დააკავეს.
ხუთშაბათ დილით ბელგიელმა გამომძიებლებმა ბელგიასა და პორტუგალიაში 21 ადგილზე ჩხრეკა ჩაატარეს. ფედერალურმა პროკურორებმა თქვეს, რომ მას შემდეგ მოსამართლემ ორი საპარლამენტო თანაშემწის ოფისების დალუქვა ითხოვა.
პროკურორებმა თქვეს, რომ 2021 წლიდან კორუფცია ძალიან შეფარულად ხდებოდა, რაც კომერციული ლობირებით იყო შენიღბული და მოიცავდა გასამრჯელოს პოლიტიკური პოზიციის დაკავებისთვის ან გადამეტებულ საჩუქრებს, როგორიცაა მოგზაურობის და კვების ხარჯები, ან საფეხბურთო მატჩებზე მუდმივი მიპატიჟებები.
„ითქვა, რომ სავარაუდო მექრთამეობა „ჰუავეის“ სასარგებლოდ იყო მიმართული“, ნათქვამია პროკურორის განცხადებაში. „ჰუავეიმ“ კომენტარის თხოვნაზე ჯერჯერობით პასუხი არ გასცა.
ევროპარლამენტმა განაცხადა, რომ ბელგიის ხელისუფლებისგან გამოძიებაში დახმარების თხოვნა მიიღო და ამას დაუყოვნებლად და სრულად დააკმაყოფილებს. პროკურორებმა თქვეს, რომ ერთი ეჭვმიტანილი საფრანგეთშიც დააკავეს.
პროკურორებმა დაკავებულების ვინაობა არ გაამჟღავნეს. მათ თქვეს, რომ პირები ევროპარლამენტში მექრთამეობაში მათი სავარაუდო ჩართულობის და ასევე გაყალბების და ყალბი დოკუმენტების გამოყენების საქმეზე დასაკითხად დააკავეს.