WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ამ სტატიაში „ქართული ოცნების“ მილიარდერი დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის ქართული კაპიტალის შესახებ გამოყენებული ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნებულ ოფიციალურ დოკუმენტებს ეყრდნობა და ის, შესაძლოა, სრულ სურათს არ ასახავდეს.

„რადიო ქალაქის" ყიდვა

"დანარჩენი თქვენი საქმე არ არის"

18 სექტემბერს გაირკვა, რომ „რადიო ქალაქი“, თბილისის ერთ-ერთი პოპულარული სივრცე საქმიანი და გასართობი შეხვედრებისთვის, რომელიც გარდაცვლილი ბიზნესმენის თემურ უგულავას „აჭარა ჯგუფის“ აქტივების მართვის კომპანიის შპს „ინდუსტრიული ქალაქის“ საკუთრება იყო, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა იყიდა.

ამ ბიზნესგარიგებისთვის მან ახალი კომპანია დააარსა - შპს „რადიო ქალაქი“, რომელიც რეესტრში 2026 წლის 6 აგვისტოდან ჩანს, რაც მიანიშნებს, რომ ამ დროისთვის „რადიო ქალაქის“ ყიდვა-გაყიდვა უკვე გადაწყვეტილი იყო.

თემურ უგულავას „აჭარა ჯგუფის“ აქტივების მართვის კომპანიამ „რადიო ქალაქი“ თბილისში, მუხიანში, ბაირამაშვილის ქუჩაზე ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე მოაწყო. „ადგილი შეხვედრებისთვის, თანამშრომლობისა და განვითარებისთვის“ - ამ ტერიტორიაზე კაფეები, დასასვენებელი და სამუშაო სივრცეები ერთადაა თავმოყრილი. სულ ტერიტორია 24 485 კვადრატული მეტრია.

„რადიო ქალაქის“ ტერიტორია, ზედხედი

„რადიო ქალაქის“ ტერიტორია, ზედხედი

„აჭარა ჯგუფის” შვილობილმა კომპანიამ „რადიო ქალაქი“ 2019 წელს თბილისის მერიის აუქციონზე 23 მლნ ლარად და, 4 წლის განმავლობაში 8 მლნ დოლარის ინვესტიციის ვალდებულებით შეიძინა. „რადიო ქალაქი“ 2024 წელს გაიხსნა.

რეესტრის თანახმად, რადიო ქალაქი თიბისი ბანკის იპოთეკაშია, საბანკო ვალდებულება ახალმა მფლობელმა უნდა დაფაროს.

ამონაწერის მიხედვით, ახლა „რადიო ქალაქის“ 100%-იანი წილს ბერა ივანიშვილი მართავს, დირექტორი კი მისი ნათესავი, ივანე ხვედელიძეა.

„ყიდდნენ და ვიყიდეთ, დანარჩენი თქვენი საქმე არ არის“, - უთხრა ივანე ხვედელიძემ რადიო თავისუფლებას. დააზუსტა, რომ „რადიო ქალაქს“ ფუნქციას არ შეუცვლიან, თუმცა სხვა კითხვებისთვის პასუხი აღარ გაუცია.

ივანე ხვედელიძე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინე ხვედელიძის ბიძაშვილის შვილია. ის ივანიშვილების ნდობითაა აღჭურვილი და მონაწილეობს ოჯახის აქტივების მართვაში, მათ შორის ბიზნესგარიგებებისას ხშირად წარმოადგენს პირადად ბერა ივანიშვილს, ან ივანიშვილების კომპანიებს. ხვედელიძე ივანიშვილების ოჯახის სხვადასხვა წევრთან ერთად მართავს რამდენიმე კომპანიას.

კიდევ რას ფლობს ბერა ივანიშვილი საქართველოში?

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, „რადიო ქალაქის“ გარდა, კიდევ რა კომპანიები ეკუთვნის ან ეკუთვნოდა ბიძინა ივანიშვილის ვაჟს, საქართველოსა და რუსეთის ორმაგ მოქალაქეს, ბერა ივანიშვილს და საჯარო რეესტრის ღია მონაცემები შეისწავლა.

Georgia -- Bera Ivanishvili, Bidzina Ivanishvili, quarantine, self-isolation, 22April2020

ბერა ივანიშვილი მამასთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად. კადრი ტიკტოკის ვიდეოდან, 2020 წლის აპრილი

დოკუმენტების თანახმად, ბერა ივანიშვილის სახელი 5 კომპანიას უკავშირდება:

  • „სილქ ფაქტორი სტუდიო“;
  • „ურეკი რეზიდენსი“;
  • „ქართული ოცნება“;
  • „სტუდიო“;
  • „ჯიდიეს თივი“.

ყველა ეს კომპანია და მათი წარმომადგენლები პარტია „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველები არიან - ერთად ჯამში, წლების განმავლობაში პარტიისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი აქვთ შეწირული.

„სილქ ფაქტორი სტუდიო“

„სილქ ფაქტორი სტუდიო“ 2017 წელს შეიქმნა. კომპანია ფლობს კინოგაქირავების ბაზას, პავილიონებს, ხმის და პროდაქშენ სტუდიებს, სამხატვრო გალერეას, თეატრს, სამკერვალოსა და რეკვიზიტებს. სტუდია დამკვეთებს სთავაზობს აუდიოვიზუალური პროდუქტის წარმოებისათვის საჭირო რესურსებს, კინოგაქირავების სრულყოფილ ბაზას. კლიენტებს ღონისძიებების დაგეგმვაში ეხმარება.

კომპანიის დირექტორია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეჟისორი, გიორგი (გოგა) ხაინდრავა, მესაკუთრე და 100%-იანი წილის მფლობელი, ბერა ივანიშვილია. კომპანიას ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, წევრებით: ივანე ხვედელიძე, ლევან ხაინდრავა და ანი ჭიჭინაძე.

გოგა ხაინდრავა, რეჟისორი

გოგა ხაინდრავა, რეჟისორი

ამ კომპანიას წლების განმავლობაში იჯარით ჰქონდა აღებული ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორია, სადაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია ახლა ცათამბჯენებს აშენებს. ნებართვა უკვე გაცემულია.

„სილქ ფაქტორი სტუდიოს“ წარმომადგენლებს „ქართული ოცნებისთვის“ სხვადასხვა დროს, ჯამში, 84 000 ლარი აქვთ შეწირული.

აქედან 15 000 ლარი გიორგი ხაინდრავამ სალომე ზურაბიშვილს შესწირა, რომელსაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ უჭერდა მხარს. ივანე ხვედელიძეს კი „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში 69 000 ლარი აქვს შეწირული.

ბერას კომპანიას „სილქ ფაქტორი სტუდიოს“ 2017 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტენდერი ჰქონდა მოგებული მისივე კუთვნილი ტელეკომპანია GDS-ის ყოფილი წამყვანის, მაკა ცინცაძის "ორი წელი ვიმუშავე ძალიან მაგარი, განათლებული, თავმდაბალი, ზრდილობიანი და კულტურული, ყოფილი პრემიერის შვილის – ბერა ივანიშვილის ტელევიზიაში. ზოგიერთის გულის დასაწყვეტად კი, გავიმეორებ – დამოუკიდებელ გარემოში" - უთხრა 2017 წელს, საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი პროექტის დაწყებამდე ცინცაძემ ჟურნალ "თბილისელებს." გადაცემის სტუდიის განათების მომსახურებაზე. ხელშეკრულების ღირებულება დაახლოებით 346 ათასი ლარი იყო.

„ურეკი რეზიდენსი“

შპს „ურეკი რეზიდენსი“ 2016 წელს შეიქმნა. დირექტორი პაატა სულაბერიძე იყო, მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილი. ერთი წლის შემდეგ მისი 100%-იანი წილი გადავიდა შვილზე, ბერა ივანიშვილზე. 2023 წლის ივნისში ბერა ივანიშვილმა ეს წილი დედას, ეკატერინე ხვედელიძეს აჩუქა.

„ურეკი რეზიდენსი“ ფლობს ურეკის დენდროლოგიური პარკის ტერიტორიის 54 ჰექტარზე მეტს. თავად პარკი დაახლოებით 60 ჰექტარზეა გაშენებული და ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო „პარაგრაფს“ ესაზღვრება.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, ზედხედი

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, ზედხედი

მხოლოდ პაატა სულაბერიძეს 2016 წლიდან 2025 წლის ჩათვლით ჯამში, 74 000 ლარი აქვს შეწირული „ქართული ოცნებისთვის“.

შპს „ქართული ოცნება“

ეს კომპანია მმართველი პარტიის სახელს იმეორებს, თუმცა პარტია არ არის.

წესდებაში მითითებულია, რომ კომპანიას „უფლება აქვს მოგების მიზნით განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა“, - თუმცა რა საქმიანობა, დაზუსტებული არ არის.

კომპანია 2018 წელს დაფუძნდა. მესაკუთრე ბერა ივანიშვილი იყო, დირექტორი კი ავთანდილ ბადუაშვილი. 2026 წელს დირექტორი ივანე ხვედელიძე გახდა. ბადუაშვილი 2013 წელს „ჯიდიესთივის“ გენერალური დირექტორიც იყო.

თავის მხრივ, ეს კომპანია ფლობს შპს „სტუდიოს“, რომლის დირექტორი პაატა სულაბერიძეა. კომპანიის დაფუძნებისას მისი 100%-იანი წილის მფლობელი „ქართუ ჯგუფი“ იყო.

საჯარო რეესტრში იძებნება კიდევ ერთი შპს „ქართული ოცნება“. მისი დირექტორი ივანე ხვედელიძეა, მფლობელი - კომპანია „ქართული ჰოლდინგია“. დირექტორი - კახა კობიაშვილი - მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ბიძინა ივანიშვილის დისშვილი. თავის მხრივ, „ქართულ ჰოლდინგს“ ფლობს კომპანია 2024 წელს დაფუძნებული სააქციო საზოგადოება სს „ატუ ჰოლდინგი“. ამ კომპანიასაც კახა კობიაშვილი ხელმძღვანელობს.

ცნობილია, რომ ატუ ჰოლდინგი მშენებლობას გეგმავს თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, „მშრალ ხიდთან“, - ზუსტად სანაპიროსა და ხიდის კვეთაზე, კუთხეში, - მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობია 4078 კვ.მ.-ია

ასე გამოიყურე ახალი პროექტის რენდერი, რომელიც ქალაქ თბილისში, მშრალ ხიდთან, მტკვრის სანაპიროზე უნდა აშენდეს.

ასე გამოიყურე ახალი პროექტის რენდერი, რომელიც ქალაქ თბილისში, მშრალ ხიდთან, მტკვრის სანაპიროზე უნდა აშენდეს.

ეს მიწის ნაკვეთი 2008 წლის 7 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს - „უძრავი ნივთების გაერთიანების საფუძველზე“ დაირეგისტრირა ბიძინა ივანიშვილის „საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა ქართუმ“.

„ქართუმ“ ნაკვეთი 2008 წელსვე აჩუქა „ასოციაცია ატუს“. ამჟამად იქ ხეებია გაშენებული. იგი ტროტუარისგან გამიჯნულია ბუკინისტებისთვის მერიის მიერ მოწყობილი სტენდებით.

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან სულ მცირე 9 ოფშორული კომპანია და 70-ზე მეტი საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაციაა ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებული (საჯარო რეესტრის მონაცემებისა და სხვადასხვა ღია წყაროს თანახმად).

ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიზნესმენი

ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიზნესმენი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ცნობით, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ცხრავე ოფშორული კომპანიის წარმომადგენელი, რეესტრის დოკუმენტების თანახმად, კახა კობიაშვილია.

კობიაშვილს 2016-2025 წლებში ქართული ოცნებისთვის 540 000 ლარი აქვს შეწირული. აქედან 200 000 ლარი პარტიაში შპს „ქართული ჰოლდინგის“ სახელით ჩაირიცხა.

ჯი-დი-ეს თი-ვი

ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ბერა ივანიშვილი 2012-2017 წლებში იყო. 2017 წელს მესაკუთრე შეიცვალა. კომპანიის 100%-იანი წილი „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა“ გადაიფორმა, რომელიც იმავე პერიოდში „იმედის“ მფლობელიც იყო.

თავიდან ჯი-დი-ეს-ზე პოლიტიკური გადაცემებიც გადიოდა, მათ შორის იყო ტოკ-შოუ „20/30“, რომლის თავდაპირველი წამყვანი ბიძინა ივანიშვილი იყო. დღესდღეობით არხზე აღარ გადის პოლიტიკური გადაცემები, კომპანია მხოლოდ მხატვრულ სერიალებსა და ფილმებს უჩვენებს.

„ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ ფლობს იმედი ფილმს, ბადრი პატარკაციშვილის სახელობის ჟურნალისტიკის სკოლა - თაჩ მედიას, რადიო იმედს, ტელეკომპანია იმედს, ტელეკომპანია აისსა და უნიმედიას. მისი ქოლგის ქვეშაა ტელეკომპანია „ჯი-დი-ესიც“.

მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია იმედი და იმედიჰოლდინგში შემავალი კომპანიები გაყიდა,[2026 წლის თებერვალი] „ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუპში“ წილები ახალ მფლობელსა და იმედის ჟურნალისტებს შორის ასე გადანაწილდა:

  • პრაიმ მედია გლობალი - 50%
  • ვასილ კალანდარიშვილი - 10%
  • მარიამ ლომიძე - 10%
  • ირაკლი ჩიხლაძე - 10%
  • ნათია სონღულაშვილი - 10%
  • მაია ჩიგოშვილი - 10%

საჯარო რეესტრში გამოქვეყნებული დოკუმენტების შესწავლამ აჩვენა, რომ ბერა ივანიშვილის კომპანიების საწესდებო დოკუმენტები უმეტესად ზოგადი და ფორმალურია, რის გამოც რთულია მათი რეალური საქმიანობის, მიზნებისა და ფუნქციების გარკვევა.

ივანიშვილების ოჯახის სანდო ადამიანები

საჯარო დოკუმენტებში ერთი და იგივე რამდენიმე სახელი და გვარი მეორდება, მათ შორისაა:

  • ივანე ხვედელიძე [ივანიშვილების ნათესავი];
  • ეკატერინე ხვედელიძე [ბიძინა ივანიშვილის ცოლი];
  • პაატა სულაბერიძე და კახა კობიაშვილი [ ივანიშვილების სანდო ადამიანები];
  • ნატო ხაინდრავა, „ბანკ ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი იურისტი;
  • და ერთი და იგივე ნოტარიუსი - ეკატერინე გვანცელაძე.

რა გზითაც არ უნდა წახვიდე, საიდანაც არ უნდა დაიწყო, თუ ივანიშვილების ოჯახის საჯარო ქონებას იკვლევ, ადრე თუ გვიან აუცილებლად გადააწყდები ამ გვარებიდან ერთ-ერთს მაინც.

მაგალითად, 2026 წლის ივლისში შექმნილ შპს „ჯი სი ეფში“ 100%-იან წილს ფლობს ბიძინა ივანიშვილის ცოლი ეკატერინე ხვედელიძე, ივანე ხვედელიძე კი დირექტორია.

იგივე ივანე ხვედელიძე წარმოადგენდა იურიდიულად ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ლუქსემბურგში რეგისტრირებულ კომპანიას, „GCF ლუქსემბურგს“ იმ დროს, როცა ხვედელიძე ამ კომპანიის სხვა ქვე-ქვეკომპანიებს იფორმებდა.

მათ შორისაა:

  • „გალერია ჰოლდინგი„ - რომელიც ფლობს მოლს„გალერია თბილისს“ თავისუფლების მოედანზე;
  • „აქსის თაუერს ჰოლდინგი“ - რომელიც ფლობს „აქსის თაუერსს“ ვაკეში;
  • „მტკვარი ჰოლდინგი“;
  • „გრინჰაუზ ჰოლდინგი“ - სასათბურე მეურნეობა, რომელიც „საქართველოს სათბურის კორპორაციას“ და „ქართულ აგრო სახლს“ ფლობს. მას ეკუთვნის „პლანტას“ ბრენდით წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია
  • „აგრო ჰოლდინგი“;
  • „რიზორთ ჰოლდინგი“;
  • „ლენტეხი ჰოლდინგი“;
  • „ემვი ჰოლდინგი“.

„სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ დამფუძნებელი ირაკლი აბესაძე ამბობდა, რომ „თანაინვესტირების ფონდის“ კომპანიების ბიძინა ივანიშვილის ცოლზე დარეგისტრირების გადაწყვეტილება, ბრიტანეთის მხრიდან შესაძლო სანქცირებას და ამ სანქციების ეფექტისგან ბიზნესის დაცვას უკავშირდებოდა.

თანაინვესტირების ფონდი არის კერძო საინვესტიციო ფონდი, რომელიც 2013 წელს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შეიქმნა და რომლის თავდაპირველ ინვესტორებს შორის თავად ივანიშვილიც იყო.

ეკატერინე ხვედელიძეზე გადაფორმდა ბერა ივანიშვილის უძრავი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილიც 2023 წელს. მათ შორისაა „ურეკი რეზიდენსი“ და ბერას სახელზე რეგისტრირებული 180 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი მიწა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში.

შეიძლება ითქვას, რომ 2026 წლისთვის საქართველოში შპს „რადიო ქალაქი“ ბერა ივანიშვილთან დაკავშირებული ერთადერთი უძრავი ქონებაა.