საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ადასტურებს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური.
„ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა“, - თქვა ირაკლი კობახიძემ 12 აგვისტოს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მან აფხაზეთში საწვავის დეფიციტთან დაკავშირებით „ტვ პირველის“ კითხვას უპასუხა.
„ზოგადად, ასეთ რამეს უშვებს ჩვენი მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის ოკუპაციის შესახებ კანონიც. თუ რაიმე ასეთი ნაბიჯი გადაიდგა და გადაიდგმება, ყველა ასეთი ნაბიჯი გადაიდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში“, - ამბობს პრემიერ-მინისტრი.
საწვავის დეფიციტი
ტურისტული სეზონის პიკზე, ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინისა და დიზელის მწვავე დეფიციტია. ამის მიზეზი რუსეთიდან საწვავის მიწოდების შეფერხებაა, რაც, თავის მხრივ, უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს უკავშირდება.
ვითარება აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ ე.წ. მთავრობის წევრებთან განიხილა. მან იმედი გამოთქვა, რომ ბენზინისა და დიზელის შემოტანა სხვა ქვეყნებიდან მოხერხდება, თუმცა არ უხსენებია საქართველო.
„ჩვენ ვიღებთ ზომებს საწვავის სხვა მიმართულებებიდან, მათ შორის სხვა ქვეყნებიდან, შემოტანის მიზნით, მათ შორის საზღვაო გზით. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ჩვენს კოლეგებთან, თუმცა, შავი ზღვის აკვატორიაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ყველა მიმწოდებელი, ჩვენთვის ცნობილი მიზეზების გამო, მზად არ არის საწვავის მოწოდებისთვის. ლოგისტიკური სირთულეები არსებობს, თუმცა მუშაობა არ ჩერდება“, - ამბობდა ბადრა გუნბა 10 აგვისტოს.
- აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“, რუსეთის გარდა, აღიარებული აქვთ მხოლოდ ნიკარაგუას, ვენესუელასა და სირიას. თავდაპირველად ეს ნაბიჯი გადადგეს ვანუატუმ, ტუვალუმ და ნაურუმ, თუმცა საბოლოოდ მათ აღიარება უკან წაიღეს.
მასალა განახლდება
radiotavisupleba ახალი ამბები