ბითაძის 10 ქულა, 14 მოხსნა და ორლანდოელთა დასანანი მარცხი ბოლო წამზე

6 days ago 4

საოცრად დაძაბული მატჩი, რომელიც სამწუხაროდ გოგა ბითაძის მეჯიქმა ბოლო წამზე წააგო. არადა, ქართველი ცენტრის დიდებული ორქულიანით, რომელიც გოგამ საფინალო სირენამდე 4.9 წამით ადრე ჩააგდო, ორლანდო 88:87 იგებდა. ბითაძეს უხერხული ალე-უპი აუგდო თანაგუნდელმა თრეველინ ქვინმა, თუმცა გოგამ პირველი ნახტომით ბურთის ტრაექტორია გაასწორა, ხოლო მეორეთი ბირთი ერთი შეხებით კალათში მოათავსა. ეს იყო საოცარი ქამბექი, რომელიც ორლანდოელებმა მაიამის გაუკეთეს, როცა დასრულებამდე 1:25 წუთით ადრე 82:87 ჩამორჩენილებმა დაწინაურება მოახერხეს. დარჩენილ წამებში მაიამელებმა ბურთი ტაილერ ჰიროუს მიაწოდეს, რომელმაც ფაქტობრივად საფინალო სირენის თანხლებით (0.5 წამით ადრე) მაიამელთა გამარჯვების ბურთი ჩააგდო -89:88.

ბითაძე მოედანზე ისევ ერთადერთი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა. გოგამ სასტარტო ხუთეულიდან საბოლოოდ ამოაგდო ვენდელ კარტერი, რომელსაც თავიდან ხუთეულში ქართველთან ერთად აწყებინებდნენ. მაიამისთან კარტერი სათადარიგო იყო და მოედანზე 15 წუთით გამოჩნდა, რა დროშიც 5 ქულა და 6 მოხსნა გააკეთა. ბითაძემ მოედანზე 33 წუთი დაყო და თავი 10 ქულას, 14 მოხსნას, 3 დაფარებას, 3 ჩაჭრას და 2 პასს მოუყარა. გოგამ 7-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მას ბევრი არ შეუტევია, თუმცა ბევრი ბურთი კი მოხსნა.

სხვა ლიდერებს რაც შეეხებათ, ორლანდოში 29 ქულა ჰქონდა ჯალენ საგსს, ხოლო ტრისტან და სილვამ 18 ქულა მოაგროვა. მაიამიში 20 ქულით საუკეთესო იყო ტაილერ ჰიროუ, ბებერმა ალეკ ბურკსმა კი 17 ქულა მოაგროვა.

ორლანდოს 19 მოგების წილ 13 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. შემდეგ მატჩს მეჯიქი ისევ შინ, 28 დეკემბერს, ნიუ იორკთან გამართავს.

სრულად წაკითხვა