შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა მას შემდეგ, რაც 11 ნოემბრის საღამოს, დიდუბის რაიონში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტთან ცოლ-ქმარი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა ქონებრივი დავა, რომელიც სავარაუდო დამნაშავის ოჯახის ბინიდან გამოსახლებას უკავშირდებოდა.
მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილები სოსო სუჯაშვილი და ნანა ფირანიშვილი არიან. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, მკვლელობა უკავშირდება ქონებრივ დავას წყვილსა და დაკავებულ პირს, 62 წლის გია ძლიერიშვილს შორის. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულის ვინაობა ოფიციალურად არ გაუსაჯაროებია.
შსს-მ 12 ნოემბერს განაცხადა, რომ გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა „ორ პირს – ცოლ-ქმარს, მათივე საცხოვრებელ კორპუსში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. შსს-ს თქმით, მკვლელობა „დამამძიმებელ გარემოებებში“ იქნა ჩადენილი.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ „დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა“.
ამავე ინფორმაციით, ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ტვ პირველმა“ აღნიშნა, რომ დავა საბურთალოს რაიონში მდებარე ბინას ეხებოდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ერთ-ერთმა გარდაცვლილმა, ნანა ფირანიშვილმა, აღნიშნული ქონება „იძულებითი აუქციონის გზით გადაიფორმა, თუმცა სახლიდან ძველი მფლობელების, ძლიერიშვილების გამოსახლებას ვერ ახერხებდა“.
ქართული მედიასაშუალებები აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებას ციტირებენ, რომლის თანახმადაც, უწყება ოთხი წლის განმავლობაში მედიაციას უწევდა მხარეებს, რათა მათ შორის მორიგება შემდგარიყო. ბიუროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების გზით გამოსახლების პროცესი რამდენჯერმე გადაიდო.
„მხარეებთან ბოლო შეხვედრა გუშინ, 11 ნოემბერს გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულების პროცესის ეტაპი, რათა მომხდარიყო უძრავის ქონების გათავისუფლება კანონიერი მესაკუთრის სასარგებლოდ,“ – აღნიშნულია ბიუროს განცხადებაში.
This post is also available in:
civil ახალი ამბები