“ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ ორგანოს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ”, – ამის შესახებ ნათქვამია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ.
“ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მრავალი წელია თანამშრომლობს მზია ამაღლობელთან, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორთან. ქალბატონი მზია გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით და საქმისადმი ერთგულებით.
„ბათუმელები“/“ნეტგაზეთი“ დამოუკიდებელი მედიასაშუალებაა, რომელსაც განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოში მედიისა და დემოკრატიის განვითარების კუთხით. ის 20 წელზე მეტია, მკითხველს სთავაზობს მაღალი პროფესიული სტანდარტით შექმნილ მედიამასალას, მოქალაქეებს აწვდის ობიექტურ ინფორმაციას და თანმიმდევრულად აშუქებს ყველა პრობლემას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.
განსაკუთრებით დასაფასებელია „ბათუმელების“, როგორც რეგიონული მედიასაშუალების, მუშაობა აჭარაში.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მოუწოდებს ყველა პასუხისმგებელ ორგანოს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. 14 იანვარს ქალბატონ მზიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, ხოლო დაცვის შუამდგომლობა გირაოს შეფარდების შესახებ არ დაკმაყოფილდა. მედიის წარმომადგენლები, უფლებადამცველები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აპროტესტებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აცხადებენ, რომ ქალბატონი მზიას მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
მზია ამაღლობელი „ბათუმელები“/“ნეტგაზეთის“ საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ვიმედოვნებთ, რომ ის შეძლებს, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გააგრძელოს თავისი მნიშვნელოვანი საქმიანობა. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან და მიუკერძოებელ სასამართლო პროცესს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება ქვეყანაში”, – ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ კიდევ ერთმა გერმანულმა ფონდმა, კერძო კონრად ადენაუერის სახელობის ფონდმა მოითხოვა ამაღლობელის გათავისუფლება.
ადენაუერის ფონდი მზია ამაღლობელის მყისიერად გათავისუფლებას ითხოვს
11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს “გაზეთი ბათუმელების” – 2001 წელს დაარსებული ქართული დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციისა, რომელიც ამჟამად ორ ონლაინ მედიაპლატფორმას – netgazeti.ge-სა და batumelebi.ge-ს მართავს – თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მზია ამაღლობელი.
იგი პირველად დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს ეზოს ღობის საგუშაგო ნაწილი ნაგებობის კედელზე პლაკატის გაკვრისთვის. პლაკატზე ეწერა “იფიცება საქართველო” და წარმოადგენდა ამაღლობელის პროტესტს იმ ღამეს მსგავსი ქმედებისთვის ცხრა მოქალაქის რეპრესიული დაკავების წინააღმდეგ.
გათავისუფლებიდან მოკლე ხანში იგი მეორედ დააკავეს, ამჯერად, სისხლის სამართლის ბრალდებით, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დაცვის მხარე ელოდება საქმის მასალებს და თავს იკავებს კომენტარებისგან. სანამ დეტალებზე არ საუბრობს დაცვის მხარე, “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებმა მიმართეს თავიანთ ჩვეულ ტაქტიკას და გაავრცელეს რამდენიმეწამიანი ვიდეოკადრები კონტექსტის გარეშე ამაღლობელის რეპუტაციის შესალახად. თუმცა TV ფორმულას ვიდეოკადრები აჩვენებს დაკავებამდე სიტუაციას, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ქოლავენ ამაღლობელს პოლიციელები ძირს და აწვებიან მხრებზე. ამაღლობელმა ასევე განაცხადა პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ დაკავების შემდეგ.