პარლამენტმა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს უკან დაუბრუნა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერით წარდგენილი ინიციატივა, რომელიც საჯარო სკოლებში უფასო სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებდა.
საბიუჯეტო ოფისის დასკვნით, კანონპროექტის განმარტებით ბარათში წარმოდგენილი არაა ფინანსური დასაბუთება.
„კანონპროექტის განმარტებით ბარათში ფინანსური დასაბუთების ნაწილში როგორც რაოდენობრივად, ასევე, თვისობრივად არ არის შეფასებული სათანადო გავლენები. არ არის შეფასებული არ არის საორიენტაციო ხარჯების ოდენობა, ასევე არ არის წარმოდგენილი რაოდენობრივი შეფასებები და ფინანსური გავლენისთვის საჭირო რიგი მონაცემები. შესაბამისად, ბუნდოვანია კანონპროექტის მიღების შემთხვევაში რა ოდენობის ხარჯების გაწევა გახდება საჭირო ბიუჯეტიდან. განმარტებით ბარათში არ არის თვისობრივად აღწერილი ხარჯების დათვლის პრინციპები. საბიუჯეტო ოფისი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვის პროცედურების დაწყება მიზანშეწონილი არ არის“, — განაცხადა ბიუროს საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენელმა.
„მოკლედ რომ ვთქვათ, ფინანსური გაანგარიშება რა არის წარმოდგენილი კანონპროექტზე და ამიტომ წინადადებაა რომ დავუბრუნოთ ინიციატორებს, რომ ეს ხარვეზი გამოასწორონ“, — დასძინა შალვა პაპუაშვილმა.
მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა (აკაკი ჩიქობავა, ანა კამლაძე, გიორგი ქართველიშვილი, გიორგი ხასაია, ეკატერინე დანელია, ვახტანგ ნაცვლიშვილი, თათია ვერულაშვილი, ინა ჩარკვიანი, კონსტანტინე ჩაჩიბაია), „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შესატანად პარლამენტში წარადგინა 25 000-ზე მეტი ამომრჩევლის ხელმოწერა. საკანონმდებლო ინიციატივა სკოლებში უფასო კვების დანერგვას ისახავს მიზნად.
პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა 35 928 ხელმოწერის ნამდვილობა დაადასტურა, რაც პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო.
netgazeti