WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წელსაც მოხვდა ორგანიზციის - “რეპორიორები უსაზღვრებოდ” (RSF) - მიერ გამოქვეყნებულ “მედიის თავისუფლების მტაცებელთა სიაში”.

ამ სიის გამოქვეყნებით “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” 2 ნოემბერს აღნიშნავს “ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელობის აღმოფხვრის დღეს”. სიაშია “მედიის თავისუფლების მტაცებელი” 30 პირი, რომელთა სამიზნედაც 2026 წელს მედია იქცა.

“რეპორტიორები უსაზღვრებოდ” წერს:

“რა აქვთ მათ საერთო? მედიის თავისუფლებისადმი სიძულვილი. მათ ხელთ არსებული “იარაღი” შეიძლება განსხვავდებოდეს, თუმცა მათი მიზნები მსგავსია: დაადუმოს დამოუკიდებელი ხმები და შეზღუდოს ინფორმაციის მიღების უფლება. მედიის გაჩუმების მათ მიერ გამოყენებული მეთოდები მოიცავს მკვლელობებს, დაპატიმრებებს, პროპაგანდასა და ტროლების არმიას. ეს ირონიული სია აღნიშნავს მედიის მოგუდვის მეთოდების მრავალფეროვნებასა და სისასტიკეს“.

მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციის თანახმად, წელს მედიაზე თავდასხმების შედეგად, „მედიის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში მოხვდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი:

„მედიაზე მისი თავდასხმები სულ უფრო ხშირად სცდება რიტორიკასა და საჯარო პოლიტიკას და გადადის ჟურნალისტების მიმართ დაწესებულ ფიზიკურ აკრძალვებზე“.

“მედიის თავისუფლების მტაცებელთა” სიაში მუდმივ ადგილს ინარჩუნებენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ნიკარაგუის ლიდერი დანიელ ორტეგა. “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” თანახმად, ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა ისრაელის თავდაცვის ძალებთან ერთად ახორციელებს რეპრესიულ პოლიტიკას ჟურნალისტების წინააღმდეგ ღაზაში, დასავლეთ ნაპირსა და ლიბანში.

სი ძინპინის ჩინეთი რჩება ჟურნალისტების “ყველაზე დიდ ციხედ”. მექსიკის კარტელები ქმნიან ტერორის გარემოს “მშვიდობიან” ქვეყანაში, სადაც ორგანიზებული დანაშაულის თითქმის ყოველ თვეში თითო ჟურნალისტს კლავს. “უსაფრთხოების” კატეგორიას წელს დაემატა ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათა ალ-სისი: მხოლოდ გასულ რამდენიმე კვირაში მისმა რეჟიმმა დააპატიმრა ფაქტების გადამოწმების ვებსაიტ Matsaddash-ის ჟურნალისტები და დახურა მთავარი საინფორმაციო სააგენტოს ვებსაიტი Mada Masr-ი.

სასამართლოს გზით “მედიის თავისუფლების მტაცებელთა” კატეგორიას შეუერთდა ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი. ამავე კატეგორიაში არიან თურქეთის ლიდერი რეჯეფ ტაიპ ერდოანი და ინდოეთის უმდიდრესი ადამიანი და პრეზიდენტ ნარენდრა მოდის მოკავშირე გაუტამ ადანი.

RSF-ის თანახმად, მედიის თავისუფლებას ძირს უთხრიან ისინიც, ვინც ყოველდღიურად ცდილობენ ხელყონ მედიის სანდოობა, ეკონომიკურად გაანადგურონ ის. ასეთთა შორის სახელდება არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეიც, რომლის საყვარელი სლოგანია “ჩვენ საკმარისად არ გვძულს ჟურნალისტები”. RSF-ის კვლევის თანახმად, მილეიმ მიმდინარე წლის აპრილ-მაისის მხოლოდ 47 დღეში X-ის პლატფორმაზე გამოაქვეყნა მედიისადმი მტრული შინაარსის შემცველი 1600-ზე მეტი პოსტი.

კატეგორიაში - “ეკონომიკური - ისინი ფინანსურად ანგრევენ მედიას” - არის ბიძინა ივანიშვილი, ტექნოლოგიურ გიგანტ Alphabet & Meta-სთან, ფრანგ მილიარდერ ვინსენტ ბოლორესთან, პროკრემლისტური პროპაგანდისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელსა და ევროკავშირის მიერ დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებისთვის სანქცირებულ ვლადიმირ ტაბაკთან და კენიის პრეზიდენტ ვილიამ რუტოსთან ერთად.

ივანიშვილის შესახებ "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" მიერ მომზადებულ პროფილში წერია:

"მილიარდერი ოლიგარქი, ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი რჩება რეალურ ხელისუფლად "ქართული ოცნების" უკან. მისი ბიზნესიმპერია და ზეგავლენის ქსელი აძლევს შესაძლებლობას მკაცრად აკონტროლოს ქვეყნის მედიაგარემო, განსაკუთრებით პროსამთავრობო "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის მსგავსი სატელევიზიო არხების საშუალებით. მისი ზეგავლენით, ეკონომიკური რესურსები და სახელმწიფო ინსტიტუტები გამოიყენება დამოუკიდებელი მედიის მოხრჩობის პოლიტიკის გასატარებლად: ფინანსური ზეწოლით, რეპრესიული კანონებით, ცენზურითა და სამართლებრივი მოქმედებით. მიმდინარეობს დამოუკიდებელი ჟურნალისტები არიან სტიგმატიზაცია, დაშინება და გაჩუმება".

ბიძინა ივანიშვილის პროფილში არის 2026 წლის მოვლენების ჩამონათვალი:

  • "დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წამყვანი ფიგურის - მზია ამაღლობელის პატიმრობა",
  • გარკვეული სახის უცხოური დაფინანსების კრიმინალიზაციის შემცველი და დამოუკიდებელი მედიისა და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განადგურების საფრთხის შემქმნელი "ახალი რეპრესიული კანონების მიღება";
  • მაუწყებლობის მარეგულირებლით მანიპულაცია იმ ტელეარხების სანქცირებისთვის, რომლებიც ხელისუფლებას ანგარიშვალდებულს ხდიან. კერძოდ, იმდენად შორს წავიდა, რომ "ფორმულას" და "ტვ პირველს" მთავრობის მიმართ კრიტიკული გარკვეული გამოთქმების გამოყენება აუკრძალა.
  • ჟურნალისტების წინააღმდეგ სულ უფრო მეტი სამართლებრივი პროცედურებისა და სანქციების გამოყენება, პარლამენტში მათთვის აკრედიტაციის შეზღუდვის პარალელურად.

ბიძინა ივანიშვილის პროფილში მოყვანილია მისი 2024 წლის ციტატა:

"...ადამიანის უფლებები, აზრისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, ჩვენ გვაქვს ჯანსაღი სასამართლო, მედია დამოუკიდებელია და ბიზნესი ხელშეუხებელია, ქვეყანა, სადაც ხალხი ცხოვრობს თავისუფლად და აღარ ეშინია პოლიტიკური დევნის".

RSF-ის "მედიის თავისუფლების მტაცებელთა 2026 წლის სიის" ავტორები წერენ:

"RSF-ი არაფერს თხზავს - თითოეულ მტაცებელს საკუთრი პროფილი აქვს, რომელიც ე.წ. „სირცხვილის დარბაზშია“ წარმოდგენილი და აჩვენებს მათ წარსულს, რიტორიკას და მათ მიერ არჩეულ იარაღს მედიის წინააღმდეგ. მედიის თავისუფლების მტაცებლების გამოვლენა, მათი მეთოდების წარმოჩენა და მათ მიერ ჩადენილი ძალადობის დოკუმენტირება ნიშნავს უარის თქმას მათი თავდასხმების ნორმად ქცევაზე. მათ წინააღმდეგ, ვისაც დუმილის დაწესება სურს, RSF-ი განაგრძობს იმათ დასახელებას, ვინც კლავს ჟურნალისტიკას".

RSF-ის გენერალური დირექტორი თიბო ბრუტენი ამბობს:

"2026 წლის სიაში მყისიერად არ აისახა მოვლენათა უმნიშვნელოვანესი განვითარება: 2025 წელს სიაში მოხვედრილმა რამდენიმე ფიგურამ დრამატულად დატოვა ის. ალი ხამენეი მოკლეს აშშ-ის თავდასხმის შედეგად ისრაელთან და აშშ-თან ომის დროს, ნიკოლას მადურო ახლა აშშ-ის ფედერალურ ციხეში იმყოფება. ამავდროულად, არჩევნებში მარცხის შედეგად, ვიქტორ ორბანისა და ალექსანდარ ვუჩიჩის განჭვრეტადი დროით ძალაუფლებისგან ჩამოშორება აჩვენებს, რომ საბოლოოდ, როცა თავიანთი ხმის გაგონების შესაძლებლობა ეძლევათ, მოქალაქეები სჯიან სამოქალაქო თავისუფლებების გამოფიტვაზე პასუხისმგებლებს”.

"მედიის თავისუფლების მტაცებელთა სიაში" ბიძინა ივანიშვილი პირველად 2025 წელს მოხვდა.