ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით გაერთიანებული სამეფოს პარლამენტს შუამდგომლობა წარედგინა

7 hours ago 1
"ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. წყარო: "ქართული ოცნების" ფეისბუქის გვერდი

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრმა ჯეიმს მაკლირიმ პარლამენტს შუამდგომლობით მიმართა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილზე, საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე მისი პასუხისმგებლობის გამო, სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. შუამდგომლობას უკვე 13 დეპუტატმა მოაწერა ხელი.

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ინფორმაციით, შუამდგომლობა გამოხატავს „ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო“. ის ასევე გმობს ივანიშვილის როლს დემოკრატიის შელახვისა და საქართველოში რუსული გავლენის ხელშეწყობის საქმეში. აღნიშნავს რა, რომ აშშ-მა უკვე დაუწესა მას სანქციები, შუამდგომლობა მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობას განახორციელოს მსგავსი ქმედებები საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის საჩვენებლად.

შუამდგომლობა საქართველოსთან გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას ითხოვს და მხარს უჭერს ევროკავშირის პარტნიორებთან უფრო მჭიდრო კოორდინაციას რუსეთის ჩარევასთან დასაპირისპირებლად.  

2024 წლის 19 დეკემბერს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები, მათ შორის აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა, დაუწესა ხუთ მაღალჩინოსანს მშვიდობიანი დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების სისტემატურ დარბევაში მონაწილეობისთვის. სანქცირებულ ოფიციალურ პირებს შორის არიან: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური; შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე; თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი სულხან თამაზაშვილი; განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც აშშ-ის მიერაა დასანქცირებული; და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მილერი ლაგაზაური.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა