WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

23

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი:

,,რა მიაქვს ადამიანს მიწიერი ცხოვრებიდან? სამოსი, რომელსაც ჩააცმევენ, სუდარა, კუბო, ჯვარი-ხელში.
ამას წინათ ისეთი ისტორია მოვისმინე, გული მომიკლა.

ახალგაზრდა ბიჭი ცხოვრობდა, თურმე, საქართველოს ერთ მაღალმთიან სოფელში, ობოლი, ბებია ზრდიდა, მერე ბებიაც გარდაცვლილა. ეს ბიჭი თავს მწყემსობით ირჩენდა, მთაში ფილტვების ანთება დაემართა და გარდაიცვალა. სოფლის ქალები იხსენებდნენ, როგორ ოცნებობდა მწყემსი ბიჭი შარვალსა და პიჯაკზე. სულ ამბობდა,- ფულს რომ შევაგროვებ, ვიყიდიო და აი, ბიჭი ისე გარდაიცვალა, პიჯაკის ფული ვერ შეაგროვა და სოფელმაც ის ჩააცვა, რაც ჰქონდა: დაკემსილი სამოსი… მაგრამ ვიდრე დაკრძალავდნენ, ფული შეუროვებიათ, რაიონულ ცენტრში ქალი გაუგზავნიათ და ამ ბიჭისთვის შარვალი და პიჯაკი უყიდიათ. ჰოდა, ჩააცვეს, გააპატიოსნეს და დაკრძალეს. აი, ასე ახდა ახალგაზრდა მწყემსის ნატვრა, ოღონდ, სიკვდილის მერე. ესაა საქართველო, ასეთია სინამდვილეში.
და იცით, რამდენი ადამიანია საქართველოში, რომელსაც მხოლოდ ერთი ხელი სამოსი აქვს? ბევრი. განსაკუთრებით, სოფლებში. ვიღაცა მეუბნებოდა ამას წინათ,- მეორადი სამოსი იყიდონო, ყიდულობენ და ეს სამლარიანი ტანსაცმელი აცვიათ. ამ ხალხს ანგარიშზე მილიონი კი არა, ათი ლარიც არ უდევს. ამ ხალხს ვილა და ვილები კი არა, სიცოცხლისთვის სახიფათო კუსტარული ქოხებიც კი თავზე ენგრევა. შეაკეთებენ- ზიანდება, ზიანდება- შეაკეთებენ და ასე გადის მათი ცხოვრება- უპერსპექტივოდ, უსიხარულოდ, უმომავლოდ.
მაგრამ ქვეყანაში, სადაც ჩვეულებრივი მოკვდავისთვის არც აწმყოა და არც მომავალი, ვხედავთ მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს, რომლის ხელშია მოქცეული მთელი სიმდიდრე და ეკონომიკა. ამ 1%-ისაა მიწაც, მთაც, ბარიც, მდინარეც, ტყეებიც, ხევებიც, სასარგებლო წიაღისეულიც, მოკლედ, ყველაფერი. მათ შორის, სახელმწიფო ტენდერები. ესაა ფეოდალიზმი.
და ამდენი სახლების, აგარაკების, სასტუმროების, მიწების, მდინარეების, ხევების, მთების მეპატრონეები ზუსტად ისევე მიდიან ამ ქვეყნიდან, როგორც წავიდა მწყემსი ბიჭი- ერთი ხელი სამოსით, კუბოთი და ჯვრით. არავის არაფერი მიაქვს ამ ქვეყნიდან, მხოლოდ ის შეიძლება წაიღო, რასაც ამქვეყნად ტოვებ- ღვთისთვის სათნო საქმეები. ეს აიწონება, როცა საზვერეებს გაივლი, იქ ყველა ადამიანი თანასწორია.“