ბლოგერმა და ხელისუფლების მოწინააღმდეგე აქტივისტმა თორნიკე რაზმაძემ განაცხადა, რომ ის დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე გახდა, რომლის ფარგლებშიც ვრცელდება ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეოები, სადაც ის ნარკოდილერადაა წარმოჩენილი, ასევე გამოგონილი პოსტები სოციალურ ქსელებში, სადაც მისი ტელეფონის ნომერია მითითებული მარიხუანის შესაძენად, და ბრალდებები, რომლის თანახმადაც მას კავშირი აქვს იმ „ფეისბუქ“ გვერდთან, რომელიც ბათუმში შენობის ჩამონგრევის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.
სხვა ბლოგერებმა და მთავრობის ოპონენტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს რაზმაძეს და განაცხადეს, რომ ასეთ კამპანიებს შესაძლოა საშიში შედეგები მოყვეს.
ნარკორეალიზაციაში რაზმაძის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ ბრალდებებს წინ უძღოდა „ფეისბუქსა“ და TikTok-ზე ორი ვიდეოს გავრცელება. ერთ-ერთზე ჩანს, თუ როგორ სთხოვს ის ნარკოდილერს კურიერად მუშაობას, ხოლო მეორეზე – რომელიც უკვე წაშლილია პლატფორმიდან – ჩანს, თუ როგორ დებს ის ნარკოტიკულ ნივთიერებას საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში.
„მითების დეტექტორმა“ დაადგინა, რომ ორივე ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო გენერირებული. 23 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში მან განაცხადა, რომ ვიზუალური ხარვეზები და AI-ის ამომცნობი ხელსაწყოები ადასტურებენ, რომ ვიდეოები ხელოვნური ინტელექტის საშუალებით იყო შექმნილი.
იმავე დღეს, რაზმაძემ „ფეისბუქის“ ჯგუფში „დიდი დიღომი – დიღმის ჯგუფი“ გამოქვეყნებული პოსტის სქრინშოთი გამოაქვეყნა, რომელშიც ანონიმური მონაწილე მარიხუანის გაყიდვას არეკლამებდა და საკონტაქტოდ რაზმაძის ტელეფონის ნომერს მიუთითებდა.
„ჩემზე შეტევამ მიიღო სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმა, მხოლოდ პროპაგანდა აღარაა ეს“, – წერს რაზმაძე და დასძენს, რომ უცნობმა პირმა, სავარაუდოდ, ყიდვის მსურველმა მას ეს სქრინი WhatsApp-ში გაუგზავნა. „თავად ამ პოსტს ვერ ვპოულობ, შეიძლება უკვე წაშალა ადმინმა“, – წერს იგი.
რაზმაძე, რომელიც ოქტომბერში, როგორც მან აღნიშნა, კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო დააჯარიმეს, მიიჩნევს, რომ სწორედ სიმონიანთან დაკავშირებული ეს განცხადებები, ისევე როგორც მის მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოლიტიკური ბლოგები და ვიდეობლოგები გახდა მიზეზი იმისა, რომ იგი თავად იქცა სამიზნედ.
This post is also available in:
civil ახალი ამბები