ბოკუჩავა ბოდიშს იხდის 2 წლის წინ ხაბეიშვილის გადადგომის არასწორი მიზეზის დასახელების გამო

1 hour ago 4

„ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ადასტურებს პარტიის დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის გაჟღერებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ორი წლის ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ყოფილა.

„ფორმულას“ ეთერში პოლიტიკოსმა თქვა, რომ ამის გამო „სინდისის ქენჯნა“ ჰქონდა. „მაშინ არ ვიყავი და ვერ ვიყავი გულწრფელი იმ დიდი მიზნების გამო, რაც გვეგონა, რომ გვამოძრავებდა. ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას იმის, გამო, რომ, მაშინ ვერ ვიყავით გულწრფელი. ვფიქრობ, გულწრფელობა მოგვცემდა შესაძლებლობას, ჯანსაღად გვემართა პროცესები.

მეტიც, მაშინ რომ გვეთქვა რეალური მიზეზი, მე აუცილებლად, პრინციპულ საკითხად დავაყენებდი, რომ პარტიაში ჩატარებულიყო პირდაპირი წესით არჩევნები... მე არ მქონდა იმ ხარისხის ლეგიტიმაციის მანდატი ხალხის მხრიდან, რომ თუნდაც იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც ჩემთვის იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი, წინააღმდეგობაში წავსულიყავი დამფუძნებელ თავმჯდომარესთან, პარტიის შიგნით ჯგუფებთან ან სხვა ადამიანებთან, რომლებიც შესაძლოა, სხვადასხვა მომენტში არ იზიარებდნენ პარტიის შიგნით რეფორმების საკითხს“, - თქვა ბოკუჩავა.

ლევან ხაბეიშვილის გადადგომის რეალურ მიზეზზე პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, რომლის დაფუძნებულიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, რამდენიმე დღის წინ ისაუბრა „TV პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში:

„რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს. მისი არჩევნების წინ შეცვლა იყო ჩვენი რეაგირება იმაზე, რომ მთელი „სვეცკი ბაბლი“ დაირაზმა ლევანის წინააღმდეგ, ჩვენ კი ვერ ვასწრებდით მის სწორად წარმოჩენას. უწუნებდნენ ინგლისურის არცოდნას, ჩვეულებრივ ადამიანის ენით საუბარს, ხან რას, ხან - რას.

ხოდა, ჩვენც მოვიყვანეთ უცხო ენების მცოდნე, ევროპასა და ამერიკაში განათლებამიღებული თინა, და „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცეს“, - აცხადებს სააკაშვილი და დასძენს, რომ ივლისში, მას შემდეგ, რაც ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, „ყველა ვარიანტში სხვა უნდა აგვერჩია“.

ბოლო წლებში როგორ იცვლებოდნენ თავმჯდომარეები „ნაციონალურ მოძრაობაში“

სრულად წაკითხვა