22 ოქტომბერს, ბოლტის მძღოლმა გამიტაცა, მოკვლის მუქარით.
ამბავი იყო ასე:
გამოვიძახე, ფეხი მქონდა ნაღრძობი და რომ არ დამეყოვნებია მერე, ქუჩიდან გამოვიძახე, ველოდებოდი, დააგვიანდა, როგორც ყოველთვის, არ დამირეკავს, მოვიდა, გაჩერდა. გამოვაღე კარი, მივესალმე და ჩავჯექი – ოღონდ, ფეხი ხომ მტკიოდა და ჩავჯექი ნელა, ნაწილ–ნაწილ, ხვნეშით და გავსწორდი, გამიხარდა, რომ ჩაჯდომის სპეცოპერაციას მოვრჩი და კარგი მივხურე.
–რომელი დიდუბე გინდა? – მეკითხება.
სპორტის სასახლის უკანა მხრიდან მივდიოდი წერეთლის მეტროსთან. აი, ჯერ განა რამდენი დიდუბეა, მაგრამ ყველაზე ახლო დიდუბეა სპორტის სასახლესთან წერეთლის მეტრო.
ვუთხარი და მე ეგ არ მაწყობსო:)
რა დიდუბე უნდა მდომებოდა რომ აწყობდეს? – ვფიქრობ. ალბათ, ტარიფია?
არა, შორსააო, ბიჭო.
ვუხსნი, რომ ყველაზე ახლო დიდუბეა და გადადიო, არ მინდა მე მანდ წასვლაო.
გადადი რა, ნიახური ვარ, ძლივს ჩავჯექი ადამიანი.
–ან გაგეუქმებინათ, ბატონო, ან ჩაჯდომამდე გეთქვათ, ხედავდით, როგორ სიმწრით ჩავჯექი…
–აუჰ, შენ მე ახლა მეტლიკინებიო და ახლა მეო, შენ ისეთ ადგილას წაგიყვან და ჩაგფლავ, ვერავინ რომ ვერ გიპოვისო. რას ჩაჯექიო, მე გითხარი რომ ჩამჯდარიყავიო?– მიდის თან მანქანა.
იქნებოდა ასე 45+ მამაკაცი და გავიფიქრე, რომ ერთი მყრალი, უჯიშო, უზრდელი, მოძალადე კაცია, მაგრამ მიდის თან და სავარაუდოდ სახლში მივყავარ.
კიდევ რომ “შევეტლიკინე”, მითხრა, რომ ეზარება ახლა, თორემ, გააჩერებს და მაგრად მცემს. ამიტომ, სადაც მიმიყვანს, იქ მცემს.
არ ვიცი, ეს კაცი მე მცემდა, თუ არ მცემდა, ჩამფლავდა, თუ არ ჩამფლავდა, მომკლავდა, თუ ვერ მომკლავდა, ჯერ რატომ ვიყავი დაზღვეული, მაგრამ ისეთი შეურაცხმყოფელი იყო, ფეხი გტკივა, იძახებ ტაქსს, მოდის, ძლივს ჯდები და სრულიად არაფრის გამო, ადამიანი გემუქრება, გიყვირს და ათას სიბინძურეს კადრულობს.
გავხედე ამასობაში და მართლა გადაუხვია და მართლა არ მიდის ჩემი სახლისკენ.
ჯერ არც შემეძლო გადმოხტომა იმ ფეხით, მაგრამ რომც შემძლებოდა, რომ მოვეკალი მაინც არ გადმოვხტებოდი, მუქარაზე ჩემი ტვინი უკუღმა რეაგირებს.
მაგრამ ვყვიროდი, ვჩხუბობდი, ხმის ჩახლეჩამდე, კი, ყველაფერზე ვუთხარი, რისი თქმაც მინდოდა, გული არაფერზე დამწყვეტია. გინებით არ მიგინებია, ვუთხარი, რომ მოძალადეა, რომ სავარაუდოდ, სახლში ქალებს სცემს, რომ მშიშარაა და ლაჩარი, რომ ცუდად მყოფი ადამიანი რომ ნახოს ქუჩაში, ისე უნდა წაიყვანოს, არათუ გამოძახებულზე. რომ კაცი არაა და საოცრება, შენ ახლა ჩემი ოჯახი რომ ახსენეო, მე შემიძლია გიჩივლოო… საიდან მოიტანე რომ მოკვლით დაგემუქრეო, ცოცხლად ჩაგფლავო და ისე დაგტოვებო, ისე რომ ვერავინ გიპოვისო…
საღამო იყო, ოღონდ, ღამე არა და ბევრი მანქანა იყო ქუჩაში, ისე ვუყვიროდი, ყველა მანქანიდან ამას უყურებდნენ. რამდენიმემ საყვირსაც დააჭირა ხელი და მადლობა თითოეულს, ვინც ეს გააკეთა. რაღაც მონაკვეთში, რამდენიმე მანქანიდან ერთდროულად დაუსიგნალეს და მიხვდა, ალბათ, რომ ბევრმა შეამჩნია და უცებ იყვირა, კარგი, მიგიყვან სახლშიო და შეცვალა ტრაექტორია.
არ ვიცი, სად მივყავდი.
არ ვიცი, რას აპირებდა.
მთელი გზა ისევ მემუქრებოდა, რომ მომივარდება სახლში, ან სამსახურში, რომ ქალი რომ კაცს შეეპასუხება, ის მოსაკლავია, კიდევ ბევრს, მაგრამ ზოგი არ მესმოდა, ზოგი არ მახსოვს, რადგან ყვირილით ვპასუხობდი და ვეჩხუბებოდი. არ გავჩუმებულვარ.
მიდიოდა გაბრაზებული, აწყვეტილი, მაჩვენებდა რომ, ნებისმიერ წამს შეიძლება რამეს შეასკდეს და ადგილზე დავრჩე… იქაც არაერთმა დაუსიგნალა…
კი, სახლთან გავაჩერებინე ზუსტად, რადგან ეგეთებს არ უნდა აჩვენო, რომ გეშინია,
კი, მეშინოდა და რამდენჯერმე მხრები “გავზომე” მზერით, რომ დაახლოებით სიმაღლე წარმომედგინა და მაჯებზეც დავხედე, ვცდილობდი გამეგო, ფიზიკურად თუ დამიპირებდა ძალადობას, რა ძალასთან მექნებოდა საქმე და როგორ გავუმკლავდებოდი.
კი, სადარბაზოში რომ შევედი, ჯერ ისევ მეშინოდა, ხომ არ მომყვებოდა.
მთელი ღამე მქონდა მერე ერთად შიში და ბრაზი, ბრაზი და შიში და დაუცველობის შეგრძნება.
ბოლტმა?
ბოლტმა მომწერა 1.80 ლარი დავამატეო თანხაო, იმიტომ რომ გელოდა მძღოლიო და მერე ბერბუქზე მოსულმა, პეკინზე მოგაკითხა და იქ ჩაგისვაო.
ანუ, ამას ლოდინის რეჟიმი ჩაურთავს რომ გამიტაცა და მერე უკან მობრუნებულზე, პეკინზე ჩაურთავს, თითქოს იქ ჩამისვა.
ვკითხე ბოლტს, ხომ დაინახა რომ მოძრაობდა? – კიო.
აბა, ლოდინის დროს ჩართვის უფლება რატომ მისცა? – ყველას ვხედავ, მაგრამ ყველას ვერ ვაკონტროლებო.
ვერ კონტროლი არაა ეგ, ეგ არის არკონტროლი, გამიზნული.
ანუ, პროგრამაში არაა მითითებული რომ როცა ლოდინის დროა ჩართული დგომის გამო, მანქანა არ უნდა მოძრაობდეს!
კარგი, შემდეგი, – დაინახე რომ მოვიდა ბერბუქზე, დაიწყო მოძრაობა სხვა მხარეს და თან ჩართო ლოდინის დრო და ეს პროცესი ალგორითმა არ გიჩვენა, რომ რაღაც უცნაურია?
–არაო.
–ბერბუქზე მელოდა და მერე პეკინზე ამიყვანა? – რანაირად? – ვეკითხები და იქნება და შენ თხოვე ეგრეო.
–ზარი ან მესიჯი შევიდა ჩემი მძღოლთან? – არაო. აბა, გადავძახე?
ანუ, მე ვთხოვე, მისულიყო ბერბუქზე, იქ ჩაერთო ლოდინის რეჟიმი, კაი ხნით, თავად ემოძრავა სხვა მხარეს და მერე მოსულიყო პეკინზე, ოღონდ, ეს ისე ვთხოვე, რომ არც დავურეკე და არც მივწერე!
ასეთი ელემენტარული თავდაცვის საშუალება რომ არ აქვს გაწერილი ალგორითმს, რაზე ვსაუბრობთ?
ჩვენ მძღოლებს ვერ ვამოწმებთო, ისინი დამოუკიდებელნი არიანო.
დამოუკიდებელია, ხელს რომ დავუქნევ, ქუჩაში, შენ, ბოლტი, მე უსაფრთხოებას მპირდები!
–მე შუამავალი ვარ მხოლოდო.
შუამავალია მაკლერიც და რამდენიმე თაღლითური სქემით რომ მაყიდინოს ბინა და მაზარალოს, პასუხისმგებელი არაა?
–ეგ ცუდი მაგალითიაო, მაკლერი ბინების შუამავალია და მე მანქანებისო.
კაი, კაცო, ნუთუ.
მძღოლების შემოწმებას საქართველოს კანონი არ მავალდებულებსო.
და ტყუილს ავალდებულებს?
რაზე დაყრდნობით მპირდება უსაფრთხო მგზავრობას?
ვკითხე, ანუ, მკვლელს, პედოფილს, ყაჩაღს, შეუძლია მისი აპლიკაციით მუშაობა, ხომ?
კი, ნებისმიერი რეგისტრირდებაო.
ანუ, უსაფრთხო რომ მგონია, რომ ვიძახებ და ბავშვს ვატან, შეიძლება მძღოლი პედოფილი იყოს.
ნებისმიერი რეგისტრირდება ერთია და ზოგჯერ ერთი რომ რეგისტრირდება და სხვა მოდის მისამართზე, ეგ მეათასე უბედურება კიდევ.
ძალიან ბევრი მივწერე ბოლტს, 3 დღე ვწერდი, მგონი, მინაწერი დავაკოპირე და შევინახე, თუ ვინმეს აინტერესებს მათი პასუხები ვრცლად.
ხოდა, არ აკონტროლებს მძღოლებს და არაფერი ეხება ფულის აღების ნაცვლად, არც ის ეხება, მანქანა რომ მიდის და მე მანქანის გაჩერების ფულს მაწერს ზემოდან მოძრავ მანქანაზე, სადაც მოკვლით მემუქრებოდნენ, არაფერი ეხება, მაგრაააამ, უსაფრთხოებას კი მპირდება, ხალხო, მეც მომწერეს ურცხვად, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, თქვენი უსაფრთხოებისთვისო.
რეალურად, კი არაფერს აკეთებ, პირიქით, ყურადღებას გვიდუნებენ და არც კი გვაფრთხილებენ, რომ საფრთხე გვემუქრებოდეს შეიძლება.
ბოლტი, პატიოსანი კომპანია რომ იყო, ყოველ დღე მოგვწერდი, მე არ ვაკონტროლებ მძღოლებს, მე მხოლოდ ფულს ვიღებ, მე არც ის ვიცი, მძღოლი პედოფილია, მკვლელია, ყაჩაღია თუ არა, მე არც ვიცი, სახლში მიგიყვანს, თუ გზად მოგკლავს, მე მხოლოდ ფულს ვიღებ, ფულს, ფულს, ფულს და შენ ფრთხილად იყავი, საკუთარ თავს თავად მიხედეო.
ამის ნაცვლად, ურცხვად მპირდება უსაფრთხოებას.
და არაფერი ამაზე საშიში არაა, როცა უსაფრთხოების სახელით მემართება ეს.
დანაშაულია ეგ, ბოლტი, დანაშაული, როცა პირდები უსაფრთხოებას და თან იცი, რომ არც ერთი ბერკეტი, მათ შორის, შინაგანაწესით უსაფრთხოების არ გაქვს.
თუ რამე, მერე დავბლოკავ მძღოლსო – თუ მომკლავს, დაბლოკავს, ნუთუ? – ეგ უსაფრთხოება არაა, ეგ უკვე შემდგარ დანაშაულზე რეაგირებაა. უსაფრთხოებაც არ გცოდნია, ბოლტი, რას ნიშნავს.
და ხო, თანხა დამიბრუნეს უკან, იმ ერთი მგზავრობის.
ოღონდ, ჯერ 1.80 დააბრუნეს, აი, დგომის და ლოდინის, როცა სხვა მხარეს მოძრაობდა რეალურად და მერე დანარჩენი,
ნაწილ–ნაწილ აბრუნებდნენ, იქნება და 1,80 რომ მიბრუნებს ისე მიხარია, ვჩუმდები და სრულად რატომ დამიბრუნოს?
ხო, კიდევ მკითხეს, თუ გინდათ, დაგირეკავთო, კი, მინდოდა, ვუთხარი, ოღონდ, ცხადია, არ დამირეკეს.

 7 hours ago
                        4
                        7 hours ago
                        4
                    
 
     
    





 English (US)  ·
                        English (US)  ·        Georgian (GE)  ·
                        Georgian (GE)  ·