ბორელი: საქართველოსთვის ყველას ერთი რამ გვინდა - დაბრუნდეს ევროპულ გზაზე

1 month ago 8

საგარეო ურთიერთობებსა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს შეხვედრის შეჯამებაში, საქართველოს შესახებ საუბრობს. ბორელის განცხადებით, საბჭომ იმსჯელა, საქართველოში გამართული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ასევე იმ შედეგებზე, რასაც ეს მოვლენები საქართველოს ევროპული გზისთვის ქმნის.

„საქართველოსთვის ჩვენ ყველას ერთი და იგივე რამ გვინდა: დაბრუნდეს ევროპულ გზაზე. ეს მოითხოვს ძალისხმევას. ჩვენ გავაგზავნით მისისას საქართველოში. ჩვენ ვიმსჯელებთ დარღვევებზე და არჩევნები უნდა იყოს გამოძიებული. მთავრობამ უნდა მოახდინოს გადამწყვეტი ცვლილებები, კონკრეტული ქმედებებით. ძლიერი ცვლილებების გარეშე, ევროკავშირთან ურთიერთობაში, საქართველო წინ ვერ წავა“, - ნათქვამია ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ შეჯამებაში.

„ქართველ ხალხს მინდა გავუმეორო ის, რაც გასულ წელს, ჩემი ვიზიტის დროს ვთქვი: ევროკავშირი არასოდეს მიგატოვებთ თქვენ და ევროკავშირისთვის თქვენს ბრძოლას. დემოკრატიისა და ევროპული მომავლის სასარგებლოდ თქვენს არჩევანში, თქვენ გვერდით დგომას გავაგრძელებთ“, - აცხადებს ბორელი.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება, შესაძლოა, სახელმწიფო უწყებების ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოებამ მიიღოს.

"საქართველოს საკითხს დღეს განვიხილავთ. მე ვთავაზობ იმ დახმარების პროგრამების შეწყვეტას, რომლებიც მიდის საქართველოს მთავრობასთან. 100 მილიონ ევროზე მეტი უნდა გაიყინოს და მთავრობისთვის მიწოდების ნაცვლად, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა მიიღოს. ანუ, ამ თანხას ავიღებთ, დაახლოებით €100 მილიონს, და მივცემთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რათა მხარი დავუჭიროთ მათ სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლაში", - თქვა ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტების მიერ საქართველოზე დასმულ კითხვებზე პასუხად. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირი კვლავ განაგრძობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია.

სრულად წაკითხვა