„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთში, პარიზის მშვიდობის ფორუმს ესწრება, სადაც მან ბავშვთა უფლებების შესახებ გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. პარალელურად, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი სამიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს დაარსებული პარიზის მშვიდობის ფორუმში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები. ფორუმის მიზანია საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების გზებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობა.
ბოჭორიშვილის ვიზიტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის დისკუსიაში თემაზე: „ბავშვები უპირველეს ყოვლისა: ბავშვებში ინვესტირების აუცილებლობა“. ვიზიტის ფარგლებში იგი ასევე დაესწრება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ელისეს სასახლეში გამართულ ოფიციალურ მიღებას.
სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, დისკუსიის დროს ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ „რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია დღემდე მძიმე გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებაზე“. მან ყურადღება გაამახვილა „მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვაზე, რაც საფრთხეს უქმნის ბავშვების იდენტობის შენარჩუნებასა და საკუთარ ქვეყანასთან მათი კავშირის განმტკიცებას“.
„რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგები დღემდე აისახება ბავშვების ცხოვრებაზე, რომელთა ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვა კვლავაც მათი ყოველდღიური რეალობის განუყოფელი ნაწილია“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მან საქართველოსთვის მშვიდობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში კონფლიქტის თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნება „ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტად რჩება“.
დისკუსიის დასრულების შემდეგ, 10 ნოემბერს, ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს, მირეია აგუეროს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა „მიმოიხილეს საქართველოსა და ჰონდურასს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები“ და ხაზი გაუსვეს „პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობას“, ასევე, ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვისათვის მზაობა გამოხატეს.
ზურაბიშვილის ვიზიტი
საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე ფორუმს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრება.
ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, იგი დაესწრო სესიას სახელწოდებით „ბავშვები უპირველეს ყოვლისა: გლობალური ვალდებულება ბავშვთა კეთილდღეობისთვის“. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იყო.
პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის დასწრება ფორუმის მონაწილეებისთვის ელისეს სასახლეში გამართულ სადილზე.
გარდა ამისა, 11 ნოემბერს ფორუმის ფარგლებში იგი მონაწილეობას მიიღებს სპეციალურ ინტერვიუში, რომლის თემაა „ჰიბრიდული საფრთხეები დემოკრატიის წინააღმდეგ: საქართველოს შემთხვევა“.
This post is also available in:
civil ახალი ამბები