„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ 16 ივლისს, ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მასპინძლობით გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიების მთავარი თემა „ულტრამემარცხენე პოლიტიკური ტერორიზმი“ იყო და მასში თითქმის 60 ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
თავის გამოსვლაში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროსმ გამოაქვეყნა, ბოჭორიშვილმა „პოლიტიკურ ტერორიზმზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დაყენება „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე“.
„ეს განხილვა განსაკუთრებით დროულია, რადგან დღეს ვდგავართ რთული და მუდმივად ცვალებადი გამოწვევების წინაშე, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე. მსოფლიოში, რადიკალური ჯგუფები სხვადასხვა იდეოლოგიის ქვეშ მოქმედებენ, მათ შორის, ხშირად, დემოკრატიის სახელით. თუმცა მათი მიზანი არა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, არამედ მათი დასუსტებაა,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საქართველო აღნიშნული გამოწვევების „თვალსაჩინო მაგალითია“ და „ბოლო წლებში არაერთი მცდელობა იყო მიმართული დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებისკენ“.
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა საბაბით ჩვენი საზოგადოების პოლარიზებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით. ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლო, საარჩევნო სისტემისა და სხვა კონსტიტუციური ორგანოების დისკრედიტაციას“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა. „ასევე გავხდით მოწმე იმისა, რომ რადიკალური ჯგუფები ძალადობის და საბოტაჟის აქტების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობენ“.
„არანაკლებ შემაშფოთებელია მსგავსი ქმედებების ლეგიტიმაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენება რეზოლუციებისა და სხვა მექანიზმების საშუალებით, რომლებიც მიზნად ისახავს სუვერენულ სახელმწიფოებზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას და ამავე დროს ამ ინსტიტუტების რეპუტაციასა და სანდოობას ლახავს,“ – აღნიშნა მან.
გამოსვლის დასასრულს მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ „პოლიტიკური ტერორიზმი ყოველთვის არ ვლინდება თვალსაჩინო ფორმით. ის შეიძლება გამოვლინდეს დაშინებით, პოლიტიკური ძალადობითა და დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემური დასუსტების მცდელობებით“.
This post is also available in:

1 week ago
36







English (US) ·
Georgian (GE) ·