ბოჭორიშვილი „ულტრამემარცხენე პოლიტიკური ტერორიზმის“ შესახებ რუბიოს მინისტერიალს დაესწრება

1 week ago 26

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 16 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში ,,პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ” მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობა, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 ივლისს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ღონისძიება „ულტრამემარცხენე პოლიტიკურ ტერორიზმზე“ გაამახვილებს ყურადღებას და „უფრო ძლიერ ერთობლივ მოქმედებას“ წაახალისებს.

„ულტრამემარცხენე პოლიტიკური ტერორიზმი ხელახლა აღზევდა, რაც დასავლეთ ნახევარსფეროში, ევროპაში, აზიასა და მის ფარგლებს გარეთ ძალადობრივ აქტებში ვლინდება“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და დასძინა, რომ „ეს არ არის იზოლირებული ინციდენტები“, არამედ ასახავს „განზრახ“ და „იდეოლოგიურად მოტივირებულ სტრატეგიას“, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დესტაბილიზაციას, მათ შორის მოქალაქეების, მთავრობის წარმომადგენლებისა და სამართალდამცველების მიზანში ამოღებას.

განცხადებაში კონკრეტულად ნახსენებია ისეთი ჯგუფები, როგორიცაა „ანტიფა ოსტი“, „არაფორმალური ანარქისტული ფედერაცია/საერთაშორისო რევოლუციური ფრონტი (FAI/FRI)“, „შეიარაღებული პროლეტარული სამართლიანობა“ და „რევოლუციური კლასობრივი თავდაცვა“, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა 2025 წელს ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა.

ღონისძიება გააერთიანებს პარტნიორებს, რათა მათ „გააფართოვონ კოორდინაცია, გააძლიერონ ინფორმაციის გაზიარება და საერთაშორისო სამართალდამცავი მექანიზმები საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად“, – დასძინა სახელმწიფო დეპარტამენტმა.

მიუხედავად იმისა, რომ განცხადებას სტუმრების ოფიციალური სია არ ახლდა თან, „როიტერი“ იტყობინება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომ „ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სულ მცირე 65 ქვეყანა, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრების, ასევე უფრო დაბალი დონის ოფიციალური პირების სახით“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა