WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ბათუმში ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა. შეხვედრაზე პარტნიორობისა და შუა დერეფნის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მუხტარ ტლეუბერდი, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟეენბეკ კულუბაევი, ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიროჯიდინ მუხრიდინი და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბახტიორ საიდოვი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. მხარეებმა განიხილეს „ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების“ შემდგომი გაღრმავება, ასევე „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობა.

23 ოქტომბრის შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ბოჭორიშვილმა ისტორიულ მეგობრობაზე, საერთო ეკონომიკურ ინტერესებზე, ევროპასა და აზიას შორის კავშირების გაძლიერების საერთო მიზანსა და შუა დერეფნის განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა

წინა საღამოს, 22 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც უმასპინძლა სტუმრად მყოფ მინისტრებს ოფიციალურ ვახშამზე. ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია“.

ბათუმის შეხვედრა თბილისის მხრიდან ცენტრალური აზიის ქვეყნებთან გააქტიურებული ურთიერთობის გაგრძელებაა. თბილისი ცდილობს, გააძლიეროს თავისი როლი „შუა დერეფანში“, რასაც ხელს უწყობს ბოლო პერიოდში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები, ასევე ყაზახეთთან და უზბეკეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტების გაფორმება.

This post is also available in: English