WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს იმედი აქვს, რომ გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი „ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში პოზიტიურ წვლილს შეიტანს“.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გერმანელ დიპლომატთან გაცნობითი შეხვედრა 4 სექტემბერს გამართა. ბოჭორიშვილმა ფოსს „მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა“.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები და საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან.

ბარბარა ფოსი

ბარბარა ფოსი

„მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. ხაზი გაესვა უსაფრთხოების გამოწვევებსა და მშვიდობის მნიშვნელობას“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გერმანიის საელჩოს შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გამოუქვეყნებია.

გერმანიის ახალმა ელჩმა რწმუნებათა სიგელის ასლი 27 აგვისტოს გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.

საელჩო მაშინ აცხადებდა, რომ ბარბარა ფოსი მუშაობას იწყებს იმ პერიოდში, როდესაც საქართველოსა და გერმანიას შორის პოლიტიკური ურთიერთობები დაძაბულია.

„ამიტომ ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენს ხალხებს შორის არსებული ურთიერთობები“, - აცხადებდა საელჩო და საქართველოს ევროპული კურსისადმი ერთგულებას კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს.

„გერმანიის ერთგულება ქართველი ხალხისა და მისი პროევროპული კურსის მიმართ უცვლელია. თქვენთან ერთად გვსურს გავაღრმაოთ ეს ურთიერთობები და შევინარჩუნოთ ცოცხალი დიალოგი საზღვრების გარეშე. თქვენც შემოგვიერთდით ამ გზაზე“, - ნათქვამი იყო საელჩოს მიერ 27 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ელჩები ბერლინსა და თბილისში

ინფორმაცია ბარბარა ფოსის გერმანიის ელჩად დანიშვნის შესახებ საელჩომ 2026 წლის 13 აგვისტოს გაავრცელა.

მანამდე, 23 ივლისს, გერმანიაში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე კარტოზიამ პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა - თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ.

„იმედი მაქვს, რომ ეს იქნება გერმანიასთან ურთიერთობების პოზიტიურად გადატვირთვის შესაძლებლობა“, - განაცხადა მაშინ მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები ბოლო წლებში გაუარესდა:

  • 2024 წლის 31 დეკემბერსა და 2025 წლის 24 მარტს გერმანიამ, სხვა დასავლური ქვეყნების მსგავსად, სავიზო შეზღუდვები დაუწესა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს;
  • გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებისთვის 237 მილიონი ევროს დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო;
  • ამავე დროს, გაგრძელდა ის პროექტები, რომლებიც, ბერლინის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის დახმარებას ემსახურება. გერმანიამ რიგი სხვა პროგრამები აღარ განაახლა;
  • გერმანიის ყოფილი ელჩი პეტერ ფიშერი, რომელიც თანამდებობაზე 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა, მწვავედ აკრიტიკებდა პროცესს, რომელსაც საქართველოში უპრეცედენტო დემოკრატიულ უკუსვლას უწოდებდა;
  • „ქართული ოცნების“ ლიდერები ფიშერს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და „რევოლუციური პროცესების მხარდაჭერაში“ ადანაშაულებდნენ.