ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, მემარცხენე „მშრომელთა პარტიის“ კანდიდატმა, 80 წლის ლუის ინასიუ ლულა და სილვამ. ის ბრაზილიის პრეზიდენტად მეოთხედ აირჩიეს.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 25 ოქტომბერს ჩატარდა ლულა და სილვამ ხმების 51,79% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, 45 წლის მემარჯვენე სენატორმა, „ლიბერალური პარტიის" კანდიდატმა ფლავიუ ბოლსონარუმ - 48,21%.
ბრაზილიის უმაღლესმა საარჩევნო სასამართლომ ლულა და სილვა არჩეულად გამოაცხადა.
- ლუის ინასიუ ლულა და სილვა ბრაზილიის პრეზიდენტი პირველად 2002 წლის არჩევნების შედეგად გახდა. მან გაიმარჯვა 2006 წლის არჩევნებშიც.
- წინა, 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლულა და სილვამ დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი, მემარჯვენე პოპულისტი ჟაირ ბოლსონარუ.
- ბოლსონარუს, რომელსაც „ბრაზილიელ ტრამპს" უწოდებენ, არჩევნებში დამარცხება საჯაროდ არ უღიარებია, თუმცა განაცხადა, რომ კონსტიტუციას პატივს სცემს. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის წინ, რომელიც 2023 წლის 1 იანვარს გაიმართა, ჟაირ ბოლსონარუმ ბრაზილია დატოვა და დროებით აშშ-ში, ფლორიდაში გაემგზავრა.
- 2023 წლის 8 იანვარს ბოლსონარუს მხარდამჭერები, რომლებიც არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევდნენ, კონგრესში, პრეზიდენტის სასახლესა და უზენაეს სასამართლოში შეიჭრნენ. პოლიციამ შენობები სპეციალური საშუალებების გამოყენებით გაათავისუფლა და ასეულობით პირი დააკავა.
2023 წლის იანვრის მოვლენების გამოძიების შედეგად, 2025 წლის თებერვალში ჟაირ ბოლსონარუს ბრალი წაუყენეს სახელმწიფო გადატრიალებისა და მოქმედი პრეზიდენტის დამხობის მცდელობაში. 2025 წლის სექტემბერში ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ჟაირ ბოლსონარუ დამნაშავედ ცნო და 27 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ფლავიუ ბოლსონარუ, რომელიც 2026 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლულა და სილვას მეტოქე იყო, ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს უფროსი ვაჟია.
radiotavisupleba ახალი ამბები