ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი: დაეხმარე ბრძოლას დღეს, რომ უზრუნველჰყო მშვიდობა ხვალ

12 hours ago 3

„გაერთიანებული სამეფო აძლიერებს ძალისხმევას უკრაინისთვის. ჩვენი პრიორიტეტები მარტივია: დაეხმარე ბრძოლას დღეს, რომ უზრუნველჰყო მშვიდობა ხვალ. დღეს ბრძოლის მხარდასაჭერას, ჩვენ გამოვყოფთ 4.5 მილიარდ გირვანქა სტერლინგს მიმდინარე წელს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით - უმაღლესი დონეა, რაც კი აქამდე ყოფილა”, - განუცხადა 1 სექტემბერს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ჯონ ჰილმა თემთა პალატას.

მისი გამოსვლის მთავარი თემა იყო უკრაინისთვის დახმარება, თუმცა, დასაწყისში დეპუტატებს მოახსენა ერთი სიახლის შესახებაც, რომელიც ნორვეგიასთან კონტრაქტს შეეხებოდა:

“მსურს მოგახსენოთ, რომ გუშინ უზრუნველვყავით 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის კონტრაქტი ნორვეგიისთვის მინიმუმ ხუთი Type 26-ის ფრეგატის მიწოდება. ეს არის ბრიტანეთის ისტორიაში უდიდესი შეთანხმება სამხედრო გემებზე. ეს აძლიერებს ნატოს და ჩვენს ჩრდილოეთ ფლანგს. ეს ნიშნავს ოთხი ათას სამუშაო ადგილს და ხელს უწყობს ოთხას ბრიტანულ ბიზნესს მომავალ წლებში”.

რაც შეეხება უკრაინისთვის დახმარების საკითხს, ჯონ ჰილიმ განაცხადა:

“უკრაინელები განაგრძობენ ბრძოლას თავისუფლებისთვის უდიდესი სიმამაცით. უსაფრთხო ევროპას სჭირდება ძლიერი უკრაინა. მათი თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაა”.

ჰილიმ ილაპარაკა მშვიდობის დამყარების საკითხზეც:

“ყოველ ჯერზე პრეზიდენტი ზელენსკი სრულად უჭერს მხარს უპირობო ცეცხლის შეწყვეტას და ხანგრძლივ მშვიდობაზე მოლაპარაკებებს.

და მაინც, პუტინის პასუხი არის ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მასშტაბური თავდასხმები უკრაინაზე.

…ახლა, როგორც აღმოჩნდა, პუტინი უარს აცხადებს შეხვდეს პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის. მაშინ, როცა უკრაინას უნდა მშვიდობა, პუტინი აწარმოებს ომს. პრეზიდენტი ტრამპი მართალია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდობისთვის მცდელობა, აგრეთვე გავზარდოთ ზეწოლა პუტინზე, რომ მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას. მხარს ვუჭერთ ზომებს, რომლებიც რუსეთის ნავთობიდან შემოსავლებს შეუშლის ხელს და მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის კომენტარებს, რომ ის განიხილავს ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ”.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ომის მიმდინარეობის ზოგიერთ ასპექტზეც გაამახვილა ყურადღება:

“იმ დროს, როცა რუსეთის სამხედრო მოქმედება შემცირდა ხარკოვისა და სუმის ოლქებში, ვინაიდან რუსეთის სახმელეთო ძალები ახორციელებენ ამ ძალების ელემენტების რელოკაციას, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ წინ წაიწიეს დონეცკის რეგიონში. პოკროვსკი რჩება რუსეთის ფოკუსში და მისი ძალები იყენებენ მრავალგვარ მეთოდს უკრაინის პოზიციებზე შეღწევისთვის. თუმცა, პუტინს მხოლოდ მცირე ტერიტორიული წინსვლა აქვს უზარმაზარ ფასად”.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის უახლესი შეფასებით, ახლანდელი ტემპის პირობებში, რუსეთს დასჭირდება კიდევ 4.4 წელიწადი დონბასის დასაპყრობად. კიდევ თითქმის ორი მილიონი რუსის შეწირვის ფასად. ამის მიუხედავად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს რუსეთის გამანადგურებელი დრონებით თავდასხმების ინტენსიფიკაცია”.

ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ მომავალ კვირაში იქნება “უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის” (ე.წ. “რამშტაინის ფორმატი”) თანათავმჯდომარე და ამ შეკრებაში მონაწილეობას მიიღებს გერმანიის მინისტრ ბორის პისტორიუსთან, ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან და კიდევ 50 სხვა მოკავშირესა და პარტნიორთან ერთად.

გარდა ამისა, ჯონ ჰილი მომავალ კვირაში უმასპინძლებს E5-ის (გაერთიანებული სამეფო, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი) თავდაცვის მინისტრების სამიტს ლონდონში. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის თავდაცვის მინისტრიც:

“ჩვენ ერთად ვართ, ჩვენ კიდე უფრო გავზრდით უკრაინის მხარდაჭერას ხვალინდელი მშვიდობის უზრუნველსაყოფად: გაერთიანებული სამეფო, ფრანგებთან ერთად, განაგრძობს “მსურველთა კოალიციის" გაძღოლას.

ორასი სამხედრო დამგეგმავი 30-ზე მეტი ქვეყნიდან დაგვეხმარა ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში გეგმების შემუშავებაში, რომ დაცული იყოს ცა და ზღვები და რომ გაიწვრთნას უკრაინის ძალები თავიანთი სახელმწიფოს დასაცავად”.

ჯონ ჰილის თქმით, “მშვიდობა შესაძლებელია და ჩვენ მზად ვიქნებით”.

გამოსვლის დასასრულ მან თემთა პალატას განუცხადა:

“ნება მომეცით, დავასრულო იმის თქმით, რომ პრეზიდენტ პუტინს კი მოსწონს ძალის ჩვენება, მაგრამ ის ახლა იმაზე სუსტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

მას შემდეგ, რაც პუტინმა წამოიწყო უკანონო შეჭრა, მას არ მიუღწევია არც ერთი თავისი სტრატეგიული მიზნისთვის. მან დაკარგა ათიათას ტანკსა და ჯავშანმანქანაზე მეტი და მისი შავი ზღვის ფლოტი დასუსტებულია.

ის იძულებულია დაეყრდნოს ისეთ სახელმწიფოებს, როგორიც ირანია - დრონებისთვის, ჩრდილოეთ კორეაა - ფრონტის ხაზზე ცოცხალი ძალისთვის და ჩინეთია - ტექნოლოგიებისა და კომპონენტებისთვის.

ის თავისი მთავრობის ხარჯების 40%-ს ომისთვის იყენებს იმ პირობებში, როცა საპროცენტო განაკვეთი 18%-ია და ინფლაცია 9%.

მეტიც, პუტინი ახლა კიდევ უფრო დიდი ნატოს პირისპირ არის - 32 წევრის ძალის მქონე ნატოსი, რომლებიც შეთანხმდნენ, რომ უსაფრთხოების ხარჯებს 5%-მდე გაზრდიან 2035 წლისთვის.

ის არის უკრაინის პირისპირ, რომელიც კიდევ უფრო მოტივირებულია, ვიდრე ოდესმე, რომ განკარგოს საკუთარი მომავალი.

ევროპის უსაფრთხოებას სჭირდება ძლიერი, სუვერენული უკრაინა”.

სრულად წაკითხვა