ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიევში დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

3 hours ago 2

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი 5 თებერვალს უკრაინაში ჩავიდა. ის განცხადებას კიევისთვის დამატებით 55 მილიონი ფუნტის ფინანსური დახმარების შესახებ გააკეთებს, რომელიც უკრაინისთვის “უძლიერესი პოზიციის“ უზრუნველსაყოფად არის განკუთვნილი.

ეს ლემის მეორე ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც მან გასულ წელს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა. ვიზიტის ფარგლებში ის ხვდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის მთავრობის სხვა წარმომადგენლებს. მხარეები განიხილავენ იმას, თუ როგორ შეიძლება ბრიტანეთმა და მისმა საერთაშორისო პარტნიორებმა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა.

ლემის ვიზიტი იმ ფონზე იმართება, როცა კიევი ცდილობს, დაამყაროს მჭიდრო კავშირები შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან. ტრამპმა განაცხადა, რომ სურს, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს რუსეთთან თითქმის სამი წლის განმავლობაში მიმდინარე ომი.

„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია,“ – განაცხადა ლემიმ და დასძინა: „ჩვენ მტკიცედ ვართ განწყობილნი, რომ უკრაინა იყოს უძლიერეს პოზიციაში, როგორც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე მომავალშიც".

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრიტანეთი გამოყოფს 3 მილიონ ფუნტს უკრაინული მარცვლეულისა და სხვა სასურსათო პროდუქტების სირიიისთვის მიწოდებისთვის. უკრაინა სირიასთან ურთიერთობის აღდგენას მას შემდეგ ცდილობს, რაც იქ რუსეთის მოკავშირე, სირიის ყოფილი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი ჩამოაგდეს.

უკრაინამ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მარცვლეულის და ზეთის მწარმოებელი და ექსპორტიორია, 2023 წლის დეკემბერში სირიაში პირველი სასურსათო დახმარების პარტია გააგზავნა.

ბრიტანეთმა 977 მილიონი ფუნტი გამოყო უკრაინისა და რეგიონის მხარდასაჭერად მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

გარდა ამისა, ბრიტანეთი ყოველწლიურად 3 მილიარდი ფუნტის სამხედრო დახმარების მიწოდებას დათანხმდა და აცხადებს, რომ ამ მხარდაჭერას იქამდე გააგრძელებს, სანამ ეს საჭირო იქნება.

სრულად წაკითხვა