ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში უარყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ბრალდებები, რომ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერით ის „პროპაგანდასა და ექსტრემიზმს“ აფინანსებს, მათ შორის წინასაარჩევნო ინიციატივების მეშვეობით. საელჩომ ასევე მოუწოდა „ქართული ოცნების“ მთავრობას, მოიწვიოს ოდირის სადამკვირვებლო მისია მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად.
„დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ერთობლივ ვალდებულებას, გააძლიერონ დემოკრატიული პრინციპები და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების როლს ორმხრივ თანამშრომლობაში. ეს ვალდებულება ასახულია 2019 წელს ორივე მთავრობის მიერ ხელმოწერილ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში“, – განაცხადა ბრიტანეთის საელჩომ.
„სწორედ ამის საფუძველზე დიდი ბრიტანეთი ბევრი წელია მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, მათ შორის ამომრჩეველთა საგანმანათლებლო აქტივობებს, აფინანსებს ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, და მონაწილეობას იღებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო/ოდირი) სადამკვირვებლო მისიებში საქართველოში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ჟურნალისტების კითხვაზე, მოიწვევს თუ არა „ქართული ოცნების“ მთავრობა ოდირის დამკვირვებლებს მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე, კობახიძემ უპასუხა: „ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირს იწვევდნენ“. აღიარა რა, რომ ყოფილა გამონაკლისები, როდესაც ოდირი ადგილობრივ არჩევნებს აკვირდებოდა, კობახიძემ განაცხადა, რომ „ამ შემთხვევაში, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით“.
This post is also available in: English