"ბიბისის" ცნობით, 9 პირი, რომლებზეც თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები ჰქონდათ, უკვე გაწერილია. ორი ადამიანი რჩება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობაში.
პოლიცია აცხადებს, რომ დაკავებულია მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი - ორივე ბრიტანეთის მოქალაქე. “გარდიანი“, ბრიტანეთის ტრანსპორტის პოლიციაზე დაყრდნობით, წერს, რომ დაკავებულთაგან ერთი არის 32 წლის შავკანიანი მამაკაცი, მეორე კი - 35 წლის კარიბული წარმოშობის მამაკაცი. ორივე ბრიტანეთშია დაბადებული.
თავდასხმის დაწყებიდან მალევე, მატარებელი დაუგეგმავად გაჩერდა ჰანტინგდონის სადგურში, კემბრიჯშირში, სადაც, თვითმხილველთა თანახმად, პოლიციელებმა ელექტროშოკი გამოიყენეს დანით შეიარაღებული მამაკაცის მიმართ.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ჯონ ჰილიმ მომხდარს „იზოლირებული თავდასხმა“ უწოდა. მან „სკაინიუსს“ განუცხადა: „წინასწარი შეფასებით, ეს იყო იზოლირებული შემთხვევა, იზოლირებული თავდასხმა. ასე რომ, არ არსებობს მიზეზი, არ გავაგრძელოთ ცხოვრება, გამგზავრება იქ, სადაც გვჭირდება ჩასვლა“.
მატარებლის მგზავრებზე თავდასხმა მოხდა სარკინიგზო კომპანია „LNER”-ის მატარებელზე, მარშრუტზე - დონკასტერი-ლონდონი.
ბრიტანეთის ტრანსპორტის პოლიციის ცნობით, მათ შაბათს, 19:42 საათზე მიიღეს გამოძახებები მრავლობით დაჭრაზე. მგზავრების თქმით, თავდასხმა დაიწყო დაახლოებით 10 წუთში მას შემდეგ, რაც მატარებელმა დატოვა პიტერბოროუს სადგური. მემანქანემ მატარებელი დაუგეგმავად შეიყვანა ჰანტინგდონის სადგურში, სადაც პოლიცია და სასწრაფო დახმარების ექიმები იმყოფებოდნენ.
თვითმხილველების აღწერით, დანაშაულის ადგილას „ყველგან სისხლი“ იყო და ხალხი გარიდებას ცდილობდა. ზოგიერთი მატარებლის ტუალეტებში დაიმალა.

1 day ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·