„ქვეყანა, რომელსაც რეგიონში ყველაზე მეტი პროგრესი და დიდი ამბიციები ჰქონდა, ვარდება ისეთ უფსკრულში, რის გამოც ახლა ზოგჯერ ბელარუსსა და რუსეთსაც კი ადარებენ“, — თქვა ჩეხმა ევროპარლამენტარმა „მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსიდან” მარკეტა გრეგოროვამ ბრიუსელში, საქართველოს შესახებ გამართულ დისკუსიაზე.
დისკუსია სახელწოდებით „საქართველოს ევროპული მომავალი და დამოუკიდებელი მედიის როლი“ ევროპის მედიალაბისა და Promote Georgia-ს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას ევროპარლამენტის, ევროკომისიის და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„საქართველოს თემაზე უკვე სულ მცირე შვიდი წელია ვმუშაობ. ვამბობ „სულ მცირე შვიდ წელს“, რადგან სწორედ მაშინ გავხდი ევროპარლამენტარი. თუმცა, საქართველო მანამდეც, მრავალი წლით ადრე შემიყვარდა. ბევრმა არ იცის, რომ ჩემი საბაკალავრო ნაშრომიც კი ამ თემაზე დავწერე. მას შემდეგ ბევრი პროგრესი და, სამწუხაროდ, რეგრესიც ვნახეთ“, — თქვა გრეგოროვამ.
გრეგოროვას თქმით, ბევრი ქართველისთვის ის ერთგვარი საკონტაქტო პირია პარლამენტში და რეგულარულად იღებს ინფორმაციას კომისიისგან იმის შესახებ, თუ როგორ აპირებენ დაეხმარონ ქვეყანას.
„ისინი მიყვებიან ადგილზე არსებულ სიტუაციაზე. როგორ სურთ ქართული მედიის ან სამოქალაქო სექტორის რეალური დახმარება და რას აკეთებს საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ აქტიურად შეუშალოს ხელი მათ მიერ ევროკომისიისგან ნებისმიერი დაფინანსების მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა კვლავ ამტკიცებს, თითქოს ევროპული გზა და კანდიდატის სტატუსი სურს, თავად კომისია ამ შიდა საუბრებში საქართველოში არსებულ ვითარებას ბელარუსსა და რუსეთზე უარესსაც კი უწოდებს. ევროპული ინსტიტუტები ხანდახან ამ ქვეყნებში (ბელარუსსა და რუსეთში) უფრო მარტივად ახერხებენ ადგილობრივ არასამთავრობოებთან თანამშრომლობას, ვიდრე საქართველოში და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს“, — განაცხადა გრეგოროვამ.
მიუხედავად ზემოაღნიშნული რეგრესისა, ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნები კვლავ რჩებიან ევროკავშირის ყურადღების ცენტრში.
„შესაძლოა, ისე ჩანდეს, თითქოს წინსვლა აღარ იქნება, მაგრამ ის ფაქტი, რომ მზიამ სახაროვის პრემია მიიღო, ის ფაქტი, რომ მომავალ კვირას სტრასბურგში გვეყოლება ანდჟეი პოჩობუტი ბელარუსიდან (რომელიც მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც შარშან მზიასთან ერთად სახაროვის პრემია მიიღო), აჩვენებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია ყოველთვის იპოვის მხარდაჭერას ევროპულ ინსტიტუტებსა და ევროკავშირში“, — განაცხადა გრეგოროვამ.
ადამიანის უფლებების სფეროში ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის სახელობის პრემია, რომელიც აზრის თავისუფლებისთვის ყოველწლიურად გაიცემა, 2025 წელს „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელსა და ბელარუსში პოლონური ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ჟურნალისტსა და აქტივისტს, ანდჟეი პოჩობუტს გადაეცათ. პოჩობუტს ევროპარლამენტში მომავალ პლენარულ სესიაზე მოუსმენენ.
გრეგოროვამ მზაობა გამოთქვა, დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგში შენარჩუნებასა და ევროპულ გზაზე დაბრუნების შემდეგ.
„იმედი მაქვს, დავეხმარები ამ პროცესის განვითარებას. როგორც კი ეს პერიოდი დასრულდება, მოხარული ვიქნები, ვიყო იმ ძალების წინა ხაზზე, რომლებიც დაეხმარებიან საქართველოს, დაუბრუნდეს სტანდარტულ ევროპულ რეფორმებს, რათა შემოგვიერთდეთ, როდესაც უკეთესი მთავრობა მოვა. უკეთესი მთავრობა ყოველთვის მოდის. ისტორიულად ასეა. სულ ახლახან ვესაუბრე ადამიანს, რომელმაც შემახსენა, რომ რამდენიმე წლის წინ შევხვდით ერთმანეთს და მთხოვა, საქართველოზე ხელი არ ჩამექნია. ჰოდა, მეც აქ ვარ, ხელს არ ვიქნევ შვიდი წლის შემდეგაც კი და იმედი მაქვს, კიდევ მომდევნო შვიდი წელი ვიბრძოლებ“, — განაცხადა გრეგოროვამ.
სანქციების გარეშე ამჟამინდელი მთავრობის კურსის შეცვლას არ ელის თინათინ ახვლედიანი, ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის (CEPS) გაფართოების პროგრამის ხელმძღვანელი. მისი თქმით, ევროპულ ინსტიტუტებში, გარდა პარლამენტისა, უკვე აღარ არის დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ.
„არიან ევროპარლამენტარები, რომლებმაც არ იციან, როგორ მიუდგნენ საქართველოში არსებულ ვითარებას. საქართველო რეგიონის მოწინავე ქვეყნიდან და „ეტალონიდან“ „პრობლემურ ბავშვად“ იქცა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოზე საუბარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დემოკრატიული უკუსვლა სხვა კანდიდატ ქვეყნებშიც ვნახეთ, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში რეალურად გამოყენებულ იქნა „ნეგატიური პირობითობა“. ფინანსური დახმარება გაყინულია. ასევე, მიმდინარე წლის მარტიდან ნაწილობრივ შეჩერებულია ვიზალიბერალიზაცია. მიღებულია სხვა ზომებიც. ცხადია, ევროპული საბჭოს დასკვნებით ინტეგრაცია ოფიციალურად შეჩერებულია. ასე რომ, პირობითობის მექანიზმი ამოქმედდა. ნეტავ, ეს პირობითობა ცოტა ადრე გამოგვეყენებინა, შესაძლოა აქ არ ვყოფილიყავით. მაგრამ ჯერ კიდევ არის რაღაცები, რაც არ გაკეთებულა — ეს არის სანქციები; მიზანმიმართული ორმხრივი სანქციები იმ ადამიანების მიმართ, ვინც ქვეყანაში არსებულ ვითარებაზეა პასუხისმგებელი, რაც ცხადია, გულისხმობს ოლიგარქს, მის შიდა და ახლო გარემოცვას“, — გაანცხადა თინათინ ახვლედიანმა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის სანქციებზე ერთხმად ვერ შეთანხმდებიან, წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, შეზღუდვები ორმხრივად დააწესონ.
„მადლობელი ვარ ევროპარლამენტის მიერ მიღებული ყველა რეზოლუციის, რადგან ყველა მათგანი შეიცავს რეკომენდაციას სანქციების დაწესების შესახებ. ამის გარეშე, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ამჟამინდელი მთავრობის კურსის შეცვლას. ან, როგორც მარკეტამ თქვა, უბრალოდ უნდა დაველოდოთ უკეთეს მთავრობებს, რომლებიც რამდენიმე წელიწადში მოვლენ“, — დასძინა თინათინ ახვლედიანმა.
დისკუსია Maison du Medialab-ში ევროპარლამენტში საქართველოზე დებატების წინ გაიმართა. კრიტიკულ ანგარიშს საქართველოს, როგორც კანდიდატის ქვეყნის შესახებ ევროპარლამენტი 17 ივნისს განიხილავს.

6 days ago
10







English (US) ·
Georgian (GE) ·