ოპოზიციური პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელსაც საქართველოში „საბოტაჟის“ საქმეზე სისხლის სამართლის ბრალდება აქვს წაყენებული, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. იგი ბრიუსელში სამიტზე მიემგზავრებოდა და ახლა საქართველოში დააბრუნებენ. ამის შესახებ 14 ოქტომბერს ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა (ALDE) განაცხადა.
ALDE-ს განცხადების თანახმად, ჯაფარიძეს ბრიუსელში ევროპარლამენტის ლიბერალური ჯგუფის, Renew Europe-ის ლიდერთა სამიტში უნდა მიეღო მონაწილეობა. ALDE-ს თქმით, ჯაფარიძე დაკავებულია და მას პასპორტი და ბარგი ჩამოართვეს.
„ვწუხვართ, რომ იგი ვერ შეძლებს მონაწილეობას და მიგვაჩნია, რომ გრძელდება ზეწოლა იმ ოპოზიციური პარტიების საქმიანობასა და გადაადგილებაზე, რომელთაც თავიანთი ქვეყნისთვის პროევროპული და დემოკრატიული მომავალი სურთ“ – განაცხადა ALDE-მ.
მოგვიანებით ჯაფარიძემ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ თურქეთის საზღვარზე დააკავეს, სადაც ავიაკომპანიის გამოცვლა უწევდა. მას განუმარტეს, რომ 2025 წლის ნოემბრიდან თურქეთში შესვლა ეკრძალება და რომ „რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფოციალური სტრუქტურებიდან“.
„ხვალ დილით მაბრუნებენ თბილისში“, – წერს პოლიტიკოსი. „სამწუხაროდ მნიშვნელოვანი შეხვედრების შესაძლებლობა დავკარგე. სხვა არაფერი სანერვიულო“.
ჯაფარიძე იმ რვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს შორისაა, რომელთა წინააღმდეგაც 2025 წლის ნოემბერში ე.წ. „საბოტაჟის“ საქმე აღიძრა. პროკურატურა ოპოზიციის ლიდერებს „სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში“ ადანაშაულებს, ოპონენტები კი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჯაფარიძეს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
This post is also available in:
civil ახალი ამბები